გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” და გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ” მოსაწყენ შეხვედრაში 0:0 ითამაშეს. ეს გახლდათ ქალაქ ვალენსიას გუნდების დაპირისპირება, რომლის დამთავრების შემდეგ AS-მა დაწერა, რომ მწვრთნელებს რუბენ ბარახასა და ხულიან კალეროს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვთ სამუშაო. ესპანეთის პირველ და მეორე ლიგათა ჩემპიონატების დაწყებამდე ორკვირანახევარია დარჩენილი, თამაში კი გამოვიდა დუნე, აშკარა სახიფათო მომენტების გარეშე. გაზეთის თქმით, მართალია, ცხელოდა და ფეხბურთელებზე ალბათ სეზონისწინა დატვირთვების დაღლამაც იმოქმედა, მაგრამ ეს ახსნაა და არა გამართლება.

AS-ს აზრით, ამ შეხვედრაში ყურადღებას მხოლოდ „ვალენსიას” კარი იპყრობდა, სადაც გუნდის ახალწვეული, ჩრდილ მაკედონიელი გოლკიპერი სტოლე დიმიტრიევსკი იდგა, რომელმაც ორჯერ იხსნა „ღამურების” კარი გოლისგან. გოლის გატანა ორივე ეპიზოდში ხოსე ლუის მორალესს შეეძლო. პირველად მან ეს საჯარიმოს გარედან დარტყმით სცადა, მეორედ საჯარიმოდან, მაგრამ დიმიტრიევსკიმ ორივე შემთხვევაში იყოჩაღა. მადრიდული გაზეთისთვის ეს ამბავი საკმარისი აღმოჩნდა, რათა „ვალენისას” მეკარეთა კონკურენციის თემა წამოეწია. AS-მა დაწერა, რომ დიმიტრიევსკის კარგ თამაშს სტადიონის ერთ-ერთი ოთახის ფანჯრიდან თვალს ადევნებდა გიორგი მამარდაშვილი, რომლის გაყიდვაც „ჩეებს” 35 თუ 40 მილიონ ევროდ უნდათ, მაგრამ მყიდველი არ ჩანს. დიმიტრიევსკი „ვალენსიამ” იმიტომ იყიდა, რომ თუ მამარდაშვილს გაყიდიდა, გუნდში კარგი მეკარე ჰყოლოდა, მაგრამ ქართველი არ იყიდება და ღამურებს მეკარეთა კონკურენცია შერჩათ ხელთ.

ამრიგად, გუნდმა, რომელსაც ორი კარგი მეკარე ჰყავს, სეგუნდა დივიზიონის წარმომადგენელს კარში ერთხელაც ვერ დაურტყა. თავის მხრივ ბროწეულისფერები ნახევარდაცვაში დომინირებდნენ. სწორედ აქ ირჯებოდა ქოჩორაშვილი-ალგობია-პაბლოს ტრიო, რომელმაც მეტოქეს აჯობა.