„ნაპოლიმ” ფრანგულ „ბრესტს” ამხანაგურ შეხვედრაში 1:0 მოუგო. გოლი 42-ე წუთზე ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც აქტიურობდა და ერთ ეპიზოდში ძელსაც გაარტყა ბურთი, მოედანზე 80 წუთი დაჰყო. ის ვალიდ ჩედირამ შეცვალა. საინტერესოა, რომ ანტონიო კონტემ მერეტი, რაჰმანი, ბონჯორნო, მაცოკი, ანგისა, ლობოტკა, სპინაცოლა, პოლიტანო და რასპადორი მოედნიდან ხვიჩამდე 10 წუთით ადრე გაიყვანა.

„დღეს გოლი არ გავუშვით, რაც საკუთარი თავის რწმენისთვის მნიშვნელოვანია. მეტოქე კი საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე გუნდი იყო, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში უნდა გამოვიდეს და ამიტომ მომზადებაში ჩვენზე წინ არის. გასული კვირის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ვვარჯიშობდით, რის გამოც ფიზიკურად გადაღლილები ვიყავით და ამან ჩვენს თამაშს თავიდან დაღი დაასვა, მაგრამ, შემდეგ დაძაბულობა მოგვეხსნა და საქმე უკეთ წავიდა. კმაყოფილი ვარ, თუ როგორ შეითვისა გუნდმა ჩემს მიერ დასახული ამოცანები სულ რამდენიმე კვირაში. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში სხვადასხვა მიდგომებთან ჰქონდათ შეხება, ეს ბიჭები ჩემთან მთელი გულით მუშაობენ”, — თქვა მატჩის შემდეგ კონტემ, რომელიც ამ დღეს 55 წლისა გახდა.

„ნაპოლის” შემდეგი შეხვედრა 3 აგვისტოს ესპანეთის ლა ლიგის მესამეადგილოსან „ჟირონასთან” აქვს.