ესპანური „მარკა” გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში”, პატერნას ბაზაზე დაბრუნებასა და პირველ ვარჯიშზე წერს. დიდი მადრიდული გამოცემა მკითხველს შეახსენებს, რომ მამარდაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა, სადაც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა და თავისი საბაზრო ფასი გაზარდა.

სამშაბათს ქართველი გოლკიპერი „ვალენსიას” მეკარეთა მწვრთნელის ხოსე მანუელ ოჩოტორენას ხელმძღვანელობით ვარჯიშს შეუდგა. აქვე იყო მისი კონკურენტი, „ღამურების” ახალი შენაძენი, ჩრდილო მაკედონიელი სტოლე დიმიტრიევსკი. მამარდაშვილის ზოგ ვარჯიშში მან უშუალო მონაწილეობა მიიღო.

„მარკა” წერს, რომ გიორგი ესპანეთში გამგზავრებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისის „დინამოს” ბაზაზე ვარჯიშობდა. „ვალენსიას” მწვრთნელებს კი გადაუწყვეტიათ ის 10 აგვისტომდე ანუ „აინტრახტთან” „ტროფეო ტარონჯას” შეხვედრამდე არ ათამაშონ.

მწვრთნელების გეგმის პარალელურად არსებობს კლუბის დირექტორატის გეგმა, რომლის თანახმადაც მამარდაშვილი მთელი ზაფხულის განმავლობაში სატრანსფერო ბაზარზე იქნება გაყვანილი. „ვალენსიას” მეპატრონე პიტერ ლიმი ქართველში 35 მილიონ ევროს ან მიახლოებულ თანხას ითხოვს, მაგრამ მეკარეში ამდენის გადამხდელი მდიდარი კლუბები ჯერ არ ჩანან.

დიმიტრიევსკი „ვალენსიას” მამარდაშვილის გაყიდვის შემთხვევაში მთავარ მეკარედ სჭირდება. მან მიმდინარე მოსამზადებელ პერიოდში „ღამურების” სამ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და იმაში, რომ დღეს გიორგი ქოჩორაშვილის” „ლევანტესთან” და 3 აგვისტოს ინგლისურ „ლიდსთან” გუნდის კარს კვლავ ის დაიცავს, გასაკვირი არაფერია.