პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი კი მოიპოვა, მაგრამ იმ ხარისხის არა, რომელსაც ველოდით – ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ვერცხლს დასჯერდა.
გრიგალაშვილმა (81კგ.) ასპარეზობა მოლდოველ მიჰაილ ლატისევის ძლევით დაიწყო, შემდეგ ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილს სძლია, ხოლო მეოთხედფინალში ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი ორივე ვაზარით დაამარცხა.
ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში სამხრეთკორეელ იონჰვან ლის დაუპირისპირდა და უმძიმესი ბრძოლაში, რომელიც 8 წუთს გაგრძელდა, მეტოქე ვაზარიზე დააგდო და ფინალში გავიდა, სადაც მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ ტაკანორი ნაგასეს დაუპირისპირდა. უკვე ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან ჩვენიანმა ვერაფერი გააწყო და მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა.
დღესვე ასპარეზობდა ეთერ ასკილაშვილი (63კგ.), რომელიც პირველივე ჭიდაობისას სლოვენიელ ანდრეია ლესკისთან დამარცხდა.