კასტელ დი სანგროში „ნაპოლიმ” ალბანეთის ჩემპიონი „ეგნატია” დაამარცხა – 4:0. მიმდინარე ზაფხულში ეს იყო „პარტენოპეელთა” მესამე ამხანაგური შეხვედრა. იმავდროულად ეს იყო პირველი თამაში, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო მონაწილეობა. შესვენებისას ის ჯაკომო რასპადორიმ შეცვალა. ტრიბუნები პირთამდე შეივსო. 22-ე წუთზე ანგარიში კვარაცხელიამ გახსნა. მან ბურთი ჩაჭრა, მიაწოდა სტანისლავ ლობოტკას, სლოვაკმა საპასუხო გადაცემა არ დაუგვიანა, საჯარიმოში შესულმა ქართველმა მარჯვენა ფეხით მიიღო, მარცხენათი კი გაუჩერებლად და ზუსტად დაარტყა. ტრიბუნებმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ოვაცია მოუწყვეს. areanapoli წერს, რომ ამ ეპიზოდმა აჩვენა, კვარას მოწადინება აჩვენა. უახლოეს დღეებში „ნაპოლი” მას კონტრაქტსაც განუახლებს და წელიწადში დაახლოებით 5 მილიონ ევროს დაუნიშნავსო, ამბობს საიტი.
„კვარაცხელიამ ძალიან კარგად ითამაშა. ჩვენ ვცდილობთ ისეთი ფეხბურთი ვითამაშოთ, რომ მას, პოლიტანოს და ნგონგეს ფლანგზე თამაშის გარდა შუაში შესვლის შესაძლებლობაც მივცეთ, რადგან მათ კაცზე წასვლა ეხერხებათ. როდესაც მეტოქეს სოვრცეები ჩაკეტილი აქვს, უნდა შევქმნათ სიტუაციები, როდესაც ისინი მოწინააღმდეგეზე პირისპირ წავლენ. დღეს ეს ყოველთვის არ გამოგვდიოდა, მაგრამ ტაქტიკაზე ბევრს ვმუშაობთ. ჩვენ ამ გუნდს სახე უნდა შევძინოთ. ბედნიერი ვარ, რადგან დიდ შესაძლებლობებსა და მონდომებას ვხედავ”, — თქვა მატჩის შემდეგ „ნაპოლის” მწვრთნელმა ანტონიო კონტემ.
მეორე გოლი 29-ე წუთზე მატეო პოლიტანომ გაიტანა, მესამე 52-ე წუთზე ჯოვანი სიმეონემ შეაგდო, ხოლო 68-ე წუთზე სირილ ნგონგემ გამოიჩინა თავი.