Hugo Duro of Valencia CF, Noa Lang of PSV Eindhoven during the friendly match between PSV Eindhoven and Valencia CF at the Phillips stadium on July...გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ამხანაგურ შეხვედრაში „ეინდჰოვენთან” დამარცხდა – 1:2. AS-მა დაწერა, რომ „ღამურები” ახალი სეზონის წინ წაგებებს ეჩვევიან, რაც ნამდვილად არ არის კარგი. ცნობილმა გამოცემამ ის იგულისხმა, რომ სამი დღის წინ რუბენ ბარახას გუნდი „ალავესთანაც” დამარცხდა 0:1. ერთი კვირის წინ ვალენსიელებმა „კასტელონთან” 0:0-ზე უკეთესი ვერაფერი მოახერხეს. ქართველ მეკარეს ამ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ესპანური პრესა ხაზს უსვამს, რომ „ჩეებს” „ეინდჰოვენთან” მეკარის გამო არ წაუგიათ. პირიქით, კარში მაკედონიელი სტოლე დიმიტრიევსკი რომ არ მდგარიყო, ანგარიში ბევრად უსიამოვნო იქნებოდაო.

AS: „სანამ მამარდაშვილი რომელიღაც აეროპორტში ჩასხდომას ელოდებოდა, რათა ორშაბათს „ვალენსიას” შეუერთდეს, მაკედონიელმა ეინდჰოვენში განაცხადა: „მე აქ ვარ”! არავინ იცის რა ბედი ეწევა მამარდაშვილს, მაგრამ აშკარაა, რომ დიმიტრიევსკი „მესტალიაზე” კარში ადგილის მოსაპოვებლად მივიდა. მისმა მოგერიებებმა „შავ-თეთრები” მტკივნეული წაგებისგან იხსნა. მართალია, შეხვედრის სხვადასხვა ეტაპზე რჩებოდა შთაბეჭდილება თითქოს თამაშის ხარისხი შედეგივით ცუდი არ იყო, მაგრამ მარტო ინტენსივობა საკმარისი არ არის. „ვალენსიას” კრეატივი არ ჰყოფნის. ახალგაზრდულ გუნდს ამ მხრივ პრობლემა აქვს. კლუბი აუცილებლად უნდა გავიდეს ბაზარზე”.