26 ივლისს, პარიზში XXXIII-ე ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება.
ცხადია, მსოფლიოს უმაღლესი სპორტული ფორუმი ქართველების გარეშე არ ჩაივლის და ჩვენგან საფრანგეთის დედაქალაქში 28 სპორტსმენი ჩავიდა.
პირველად ქართველმა სპორტსმენებმა 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზეს და დღემდე 41 ოქროს, 35 ვერცხლის და 57 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
რეკორდსმენი სამმხტომელი ვიქტორ სანეევია – 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონები არიან თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლევან თედიაშვილი და ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელიც მესამე ოქროს მედალს რამდენიმე დღეში შეუტევს.
გვყავს სპორტსმენებიც, რომლებსაც ოლიმპიურ სარბიელზე სამივე ხარისხის მედალი მოუპოვებიათ – ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე და ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი.
ქართველებს მედლების ნაწილი საბჭოთა კავშირის ნაკრების (1952-88) შემადგენლობაშია მოპოვებული, რამდენიმე კი დსთ-ს (1992) გუნდთან ერთად.
ქართველ სპორტსმენთანგან პირველი ოქროს მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ციმაკურიძემ (1952) მოიპოვა, ვინაც წამებით დაასწრო ძალოსან რაფაელ ჩიმიშკინს; ქალებში პირველი მედალი ტანმოვარჯიშე მედეა ჯუღელმა (1952) ირგუნა.
საქართველოს სახელით მედლების ათვლა 1996 წლიდან იწყება. დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით ჩემპიონობა პირველმა ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა (2004) იზეიმა.
ნინო სალუქვაძე უნიკალური სპორტსმენია და პარიზში მე-10 ოლიმპიადაზე იასპარეზებს. ის ერთადერთია, ვისაც ოლიმპიური ჯილდო მოპოვებული აქვს როგორც სსრკ ნაკრების შემადგენლობაში (1988), ასევე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით (2008).
ოლიმპიურ სარბიელზე მედლები მოპოვებული გვაქვს 21 სახეობაში:
ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობა, ველოსპორტი, თანამედროვე ხუთჭიდი, კალათბურთი, კრივი, მშვილდოსნობა, მძლეოსნობა, ნიჩბოსნობა, ტანვარჯიში, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ფეხბურთი, ფრენბურთი, ჩოგბურთი, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო, წყალში ხტომა, წყალბურთი, ხელბურთი.
დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით 10 ოქროს, 12 ვერცხლის და 18 ბრინჯაოს მედალი გვაქვს.
ოქრო სულ ოთხი სპორტის სახეობაში აგვიღია: ძიუდო (4); ძალოსნობა (3); თავისუფალი ჭიდაობა (2); ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (1); დანარჩენი მედლების ძირითადი ნაწილიც ამ სპორტის სახეობებზეა გადანაწილებული, პლუს თითო ბრინჯაო კრივსა და ტყვიის სროლაში.
საქართველოს სახელით ხარისხობრივად საუკეთესო მაჩვენებელი პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე გვქონდა, სადაც 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოვიპოვეთ, რაოდენობის მხრივ კი – ტოკიოში (2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო).
ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ატლანტაში გვაქვს – მხოლოდ 2 ბრინჯაო. ყველაზე წარმომადგენლობითი დელეგაციით 2016 წელს რიოში ჩავედით – 40 სპორტსმენი;
ყველაზე ნაკლები წარმომადგენელი კი სწორედ პარიზში გვეყოლება. საფრანგეთის დედაქალაქში სპორტის 10 სახეობაში ვიასპარეზებთ: ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო.
საქმეში 27 ივლისიდან ჩავერთვებით. პირველები სტარტზე გიორგი სარდალაშვილი (ძიუდო), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა), ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), ანა ნიჟარაძე (ცურვა) და ლაშა გურული დადგებიან.
15 წლის ნიჟარაძე ყველაზე ახალგაზრდა ქართველი გახდება ვინც ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს.
საქართველოს დელეგაციის სრული სია კი, ასეთია: გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი სოფიო სომხიშვილი (ყველა ძიუდო); გოდერძი ძებისაშვილი, გივი მაჭარაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გენო პეტრიაშვილი (ყველა თავისუფალი ჭიდაობა); რობერტ კობლიაშვილი, რამაზ ზოიძე, ლაშა გობაძე (ორივე ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა); ლაშა გურული, გიორგი ყუშიტაშვილი (ორი კრივი); ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა); სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა); შოთა მიშველიძე, ირაკლი ჩხეიძე, ლაშა ტალახაძე (ყველა ძალოსნობა), ნოე ფანცხავა, ანა ნიჟარაძე (ორივე ცურვა). პარიზში ასევე იჭიდავებს საქართველოს ძიუდოისტთა შერეული გუნდიც. ოლიმპიადაზე იქნებიან ქართველი მსაჯებიც: ზაზა ჯიბლაძე (ჭიდაობა) ვლადიმერ ნუცუბიძე (ძიუდო), რუსუდან ხოფერია (ბატუტზე ხტომა) და ილია გიორგაძე (ტანვარჯიში).
ოლიმპიური თამაშები 11 აგვისტომდე გასტანს…