პარიზის ოლიმპიადა სკანდალური შემთხვევით დაიწყო და ამ სკანდალის მთავარი გმირი გახლდათ VAR. არგენტინამ მაროკოსთან 1:2 წააგო, მაგრამ ამის შესახებ ორი საათის მერე გაიგო. მანამდე ეგონა, რომ ფრედ 2:2 ითამაშა.
„ალბისელესტე” 0:2-ს აგებდა. 68-ე წუთზე დიეგო სიმეონეს ვაჟმა და „ნაპოლის” ფორვარდის ჯოვანი სიმეონეს ძმამ ჯულიანომ სხვაობა შემაცირა, 90+16 წუთზე კი კრისტიან მედინამ ანგარიში გაათანაბრა. მედინამ ახლოდან თავურით შეაგდო. ამ დარტყმას წინ ნიკოლას ოტამენდისა და ბრუნო ამიონეს დარტყმულების ასხლეტა-უკუვარდნა უსწრებდა. საბოლოოდ, ბურთი კარში შევარდა, რასაც მარკოელი გულშემატკივრის აღშფოთება და მასობრივი არეულობა მოჰყვა. ჩრდილოაფრიკელი მაყურებელი ისედაც აღშფოთებული იყო დამატებული დრო ამდენ ხანს რომ გაგრძელდა, ანგარიშის გათანაბრებამ კი მისი მოთმინების ფიალა საბოლოოდ აღავსო და ტრიბუნიდან ბოთლებისა და მაშხალების სროლა დაიწყო. ზოგი ბარიერსაც გადაახტა და სენტ-ეტიენის „სტად ჟოფრუა-გიშარის” მოედანზე შევარდა. ისინი არგენტინელ ფეხბურთელებზე იწევდნენ.
შვედმა მსაჯმა გლენ ნიბერგმა ორივე გუნდი გასახდელში გაიხმო. ყველას ეგონა, რომ მიუხედავად დარჩენილი სამი წუთისა თამაში აღარ გაგრძელდებოდა.
თავდაპირველად გუნდები მოედანზე დაბრუნებას უარობდნენ. მათ გადაწყვეტილებას მხარს ფიფას წარმომადგენლებიც უჭერდნენ. ამასობაში კი ნიბერგს VAR-ის ოთახიდან შეატყობინეს, რომ გოლის ეპიზოდში ამიონე მცირე ოფსაიდში იყო.
„საფინალო სასტვენიდან” 90 წუთი რომ გავიდა არგენტინელთა თავკაც ხავიერ მასკერანოსა და მის ფეხბურთელებს გამოუცხადეს, რომ გოლს ამოწმებდნენ. თუ ის წესების დაცვით იყო გატანილი, მაშინ შეხვედრას დასრულებულად გამოაცხადებდნენ, მაგრამ თუ ამიონეს თამაშგარე დადასტურდებოდა, მაშინ დარჩენილი სამი წუთის დამთავრება გახდებოდა საჭირო. საინტერესოა, რომ ამ დროისთვის ფეხბურთელები ჯერ კიდევ ფორმებით ისხდნენ გასახდელებში.
მატჩის ეგრეთწოდებული დამთავრებიდან ორი საათის შემდეგ, გუნდები ცარიელი ტრიბუნების წინ დაბრუნდნენ. ნიბერგმა VAR-ის ჩვეული პროცედურა ჩაატარა და გამოაცხადა, რომ გოლი არ ითვლებოდა. შემდეგ ჩატარდა დარჩენილი სამი წუთი, რომლის განმავლობაშიც გოლი აღარ გასულა და მატჩი დასრულდა მაროკოელთა გამარჯვებით 2:1.
პრეს-კონფერენციაზე მასკერანომ თქვა, გოლს თუ ამოწმებდნენ არავის გავუფრთხილებივართო. ამას მოჰყვა პრეტენზია, რომ წინა დღეს, როდესაც არგენტინის ნაკრები ვარჯიშობდა, ტიაგო ალმადას საათი და ბეჭდები მოპარეს.
„ჩვენ ოლიმპიადაზე ვართ, უბნის პირველობაზე კი არა. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს”, — თქვა არგენტინული ფეხბურთის ვეტერანმა.