Victor Osimhen of Napoli is playing during the Pre-season Friendly match between SSC Napoli and Mantova 1911 in Dimaro, Italy, on July 20, 2024.ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის” ტვირთად იქცა. როგორც calciomercato წერს, ის არის სეზონში 12-მილიონიანი პრობლემა, რომლის გამოც კლუბმა 2026 წლის ივნისამდე ბიუჯეტს 31 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. გასაგებად რომ ვთქვათ, თუ ნიგერიელი „მარადონაზე” დარჩება, აურელიო დე ლაურენტისს მისთვის „ხელზე” გადასახდელი თანხის გარდა ბრუტო-ხელფასისა და კონტრაქტის ამორტიზაციის ხარჯების გათვალისწინებით სახელმწიფოსთვის დამატებით 31 მილიონის მიცემა მოუწევს.

რაც უფრო გვიანდება ოსიმენის სხვაგან გაშვება, მით უფრო რთულდება ანტონიო კონტესთვის სასურველი ბელგიელი თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს შეძენაც. ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ „ნაპოლიმ” ფორვარდის გამოსასყიდ ფასად 130 მილიონი გამოაცხადა, რაც თვით „პარი სენ ჟერმენისთვის” დიდი თანხა აღმოჩნდა. პარიზელებს ჯერ გონსალო რამოსი და კოლო მუანიც კი არ გაუყიდიათ, არადა ეს ორი ფეხბურთელი (ერთ-ერთი მათგანი მაინც) ფულის შოვნის წყაროდ თუ არა სატრანსფერო კომბინაციის ნაწილად მაინც მიაჩნდათ. გამოირიცხა ტრანსფერში სამხრეთ კორეელი კანგ-ინ ლის მონაწილეობაც.

თუ „პარი სენ ჟერმენი” არა, მაშ ვინ შეეცდება ოსიმენის შეძენას? ცენტრალურ თავდამსხმელებს ეძებენ ინგლისური კლუბები „არსენალი” და „ჩელსი”. ნიგერიელსაც არასდროს დაუმალავს, რომ ის უპირატესობას პრემიერლიგას ანიჭებს, მაგრამ როგორც ჩანს, თავდამსხმელი თავისი ფასისა და ხელფასის მძევალია.

სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ რაც დრო გადის, ოსიმენი სულ უფრო მეტად განიხილავს საუდის არაბეთში გადასვლის ვარიანტს.

25 წლის ვარსკვლავმა შარშან საუდის არაბეთში წასვლაზე უარი განაცხადა. გეხსომებათ აგრეთვე, თუ რა მძაფრი რეაქცია ჰქონდა ნიგერიელს ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის მამუკა ჯუღელის ნათქვამზე, რომ ის ზაფხულში სწორედ არაბეთში გადავა, მაგრამ დღეს შექმნილი ვითარება კონკრეტულ გადაწყვეტილებას ითხოვს. არაბული ბაზარი 6 ოქტომბრამდე ღიაა, ოღონდ „ნაპოლი” ამდენ ხანს ვერ მოიცდის. როგორც ზემოთ ვახსენეთ, „აძურის” ახალ მწვრთნელს ანტონიო კონტეს ლუკაკუს გადაბირება ეჩქარება, რომელშიც დე ლაურენტისს 35 მილიონი ევრო ექნება გადასახდელი. სერია A-ში სეზონი 17 აგვისტოს იწყება, „ნაპოლი” 18-ში ვერონაში თამაშობენ და კონტეს მანამდე ლუკაკუსთან მუშაობის მოსწრება სურს.