„მარკამ” ესპანეთის ნაკრების მწვრთნელთან ლუის დე ლა ფუენტესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ვრცელი საუბარი ეხება სხვადასხვა თემას, წარსულსა და მომავალს, ჩვენ კი ის მონაკვეთი მოვნიშნეთ, რომელშიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონთა თავკაცი საქართველოს ეხება. ქვემოთ გთავაზობთ ამონარიდებს:
– ესპანელებს გვყავს 17 წლის ბიჭი. ის ახლახანს გახდა ჩვიდმეტის, უკვე ევროპის ჩემპიონია და ყოველი მხრიდან ქება ესმის. დღეს ლამინე იამალს ადრინდელზე მეტი დაცვა სჭირდება.
– დიახ, იამალმა ეს პერიოდი უნდა გადალახოს. მას ვეტერანები ძალიან ედგნენ მხარში. ისინი მას განუწყვეტლივ მხარს უჭერდნენ და ჭკუას არიგებდნენ. ჩვენ ლამინეს ვუთხარით, რომ მშვიდად უნდა იყოს, მოთმინებით უნდა აღიჭურვოს და ასეთი განწყობა დიდი ხნით შეინარჩუნოს, რადგან ხალხი რომელიც ახლა აქებს და ქათინაურს ეუბნება, ხვალ შეიძლება ყოველგვარი სირცხვილის გარეშე სულ სხვანაირად მოუტრიალდეს. ეს რეალობაა. იამალი თავისი ასაკისთვის დაღვინებული ადამიანია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი დაღვინება სჭირდება. გამოცდილება, რომელიც მან ევროპის ჩემპიონატზე მიიღო განვითარებაში დაეხმარება. იამალი უფრო ძლიერი პიროვნება უნდა გახდეს და მთელი რიგი პიროვნული თვისებები უნდა შეინძინოს. ამის წყალობით ის პროფესიულადაც გაიზრდება.
– რას ნიშნავდა, როდესაც კარვახალმა ლამინეს აკოცა? იყო თუ არა ეს ერთსულოვანი ეროვნული გუნდის ჩამოყალიბების დასაწყისი?
– დიახ, რასაკვირველია. ჩვენ დიდი ოჯახივით ვცხოვრობდით. გარდატეხის წერტილი კი საქართველო გახლდათ. რაღაც განსაკუთრებული, გამორჩეული საქართველოში თამაშის დროს გამოიკვეთა. ეს გახლდათ ურთსულოვნების, თანადგომის, კოლექტიურობის შეგრძნების, მოვლენათა მომავლისთვის სასიკეთოდ დაწყობის საოცარი გამოცდილება. შემდეგ, ნოემბერში გავი დაშავდა და ჩვენ ლამის იყო სასოწარკვეთას მივეცით, რადგან ახლობელი ადამიანის განცდებს ვხედავდით. და სწორედ იქ მივხვდით, რომ უკვე ფეხბურთის გუნდზე მეტი ვიყავით. ჩვენ ვიყავით ოჯახი. შემდეგ თვეებში ერთად ყოფნა უბრალოდ გვიხაროდა. მე ვნახე, რომ ფეხბურთელები დასასვენებლად ერთად წავიდნენ. ეს ძალიან მიხარია.
მანამდე კი დე ლა ფუენტემ ილაპრაკა იმ სიხარულსა და სიამაყის განცდაზე, რომელიმ ევროპის ჩემპიონობამ მოუტანა. მუხლჩაუხრელ შრომაზე, რომლის წყალობითაც ასეთ შედეგამდე მისვლა გახდა შესაძლებელი. იმაზე, რომ იქ, გერმანიაში, საწვრთნელი ბანაკის ოხშივარში გახვეული ესპანეთის ნაკრები ვერ გრძნობდა, თუ რა ხდებოდა გუნდის ყოველი წარმატებით გახარებულ სამშობლოში. იმაზე, რომ წარმატებამ ის, როგორც პიროვნება ვერ შეცვალა.
„ყოველდღე ვცდილობ მივდიო დედა ტერეზას შეგონებას: არავის მისცე უფლება, ცოტათი უკეთეს ადამიანად მაინც არ დაგშორდეს ვიდრე შენთან შეხვედრამდე იყო”, — თქვა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა, რომელმაც დასძინა, რომ ხალხის კომენტარების ცალ ყურში შეშვებას და მეორედან გაშვებას დაეჩვია: „თუკი ესა თუ ის გადაწყვეტილება სწორად მიმაჩნია, მაშინ მას ვიღებ და მორჩა”, — თქვა მან.