გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სიმბოლურ ნაკრებშიაო, სიამაყით წერს ვალენსიური საიტი plazadeportiva. თერთმეტეული Transfermarkt-მა შეადგინა.
მთელი მსოფლიოს ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულების ანგარიშში გაწაფული პორტალის ვერსიით ქართველი მეკარის ფასი ევრო 2024-ის შემდეგ 45 მილიონი ევრო გახდა, რაც პორტუგალიელი დიოგო კოშტას ფასთან ერთად მეკარეთა ღირებულებათა შორის ყველაზე მაღალია.
იმ გუნდის დაცვაში, რომლის კარსაც სიმბოლურად „ვალენსიას” გოლკიპერი იცავს, თამაშობენ „მანჩესტერ სიტის” პორტუგალიელი ფეხბურთელი რუბენ დიასი, „არსენალის” ფრანგი ვილიამ სალიბა, რომელთა ფასიც 80 მილიონი ევროა, 75 მილიონიანი „სიტის” ხორვატი იოშკო გვარდიოლი და 70 მილიონიანი „ლივერპულის” ინგლისელი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი.
ნახევარდაცვაში თავი მოიყარეს ესპანელმა როდრიმ, რომელიც „მანჩესტერ სიტიში” თამაშობს და 130 მილიონი ღირს, მისი თანაკლუბელი, ინგლისელი ფილ ფოდენი (150 მილიონი) და „რეალის” ჯუდ ბელინგემი (180 მილიონი, ინგლისი).
სამი 180-მილიონიანი ფეხბურთელია თავმოყრილი თავდასხმაში: „რეალის” ბრაზილიელი ვინისიუსი, „სიტის” ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი და „რეალის” ფრანგი კილიან მბაპე. როგორც ხედავთ, უძვირეს ფეხბურთელთა სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი, 5 ფეხბურთელი ინგლისური პრემიერლიგის „მანჩესტერ სიტის” ჰყავს. მეორეა „რეალი”, თუმც მბაპეს მადრიდელთა შემადგენლობაში ჯერ არ უთამაშია.