ახალი „ნაპოლი” 3-4-2-1 სქემის მიხედვით შენდება. ეს ანტონიო კონტეს მიერ მოტანილი ტაქტიკური სიახლეა, რომელიც დიმაროს შეკრებაზე პირველი თერთმეტი დღის განმავლობაში მკაფიოდ გამოიკვეთა. ასეთი განლაგება მოითხოვს ვიქტორ ოსიმენის წასვლის შემდეგ ფიზიკურად ძლიერი ცენტრალური თავდამსხმელის მოყვანას (სავარაუდოდ ეს იქნება რომელუ ლუკაკუ), რომლის უკან ორი ეგრეთწოდებული მეორე თავდამსხმელი ან შემტევი ფლანგელი ითამაშებს. კერძოდ ვინ? calciomercato წერს, რომ კონტე სწორედ ამ საკითხის მოგვარებით არის დაკავებული.
ერთი კაცი ხელშეუხებელია. ეს ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ. მას მერე, რაც გუნდი კასტელ დი სანგროში დაიწყებს ვარჯიშს, კონტე ბოლოს და ბოლოს მოიხელთებს ქართველ თავდამსხმელს. კვარა მარცხენა ფრთაზე იმოქმედებს. მარჯვნიდან მატეო პოლიტანოს მიეცემა უპირეტესობა. ამავე როლს მოარგებენ 24 წლის ბელგიელ სირილ ნგონგეს, მაგრამ „ნაპოლის” განკარგულებაში არიან სხვა შემტევებიც: ჯაკომო რასპადორი, იესპერ ლინდსტრომი, ჯანლუკა გაეტანო. ჩამოთვლილთაგან ბოლო ორი სავარაუდოდ დატოვებს „პარტენოპეის”. კლუბი მათ შეცვლაზე არ იზრუნებს. გასათავლისწინებელია ის გარემოებაც, რომ ახალ სეზონში „ნაპოლი” მხოლოდ ორ შეჯიბრებაში გამოვა, იტალიის თასსა და სერია A-ში ანუ ჩემპიონთა ლიგის გარეშე მეტი თავდამსხმელი საჭირო არ არის.
თუმცა, არის ერთი ვარიანტი, რომლითაც კამპანიურმა კლუბმა შეიძლება ისარგებლოს — ეს „იუვენტუსიდან” წასული ფედერიკო კიეზას გადაბირება გახლავთ. საქმე ის არის, რომ „ბებერი ქალბატონი” რასპადორის მიმართ ავლენს ინტერესს და შესაძლოა კლუბებმა ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთში გაცვალონ. პრობლემა კიეზას დიდი ხელფასია, რომელიც „ნაპოლის” პარამეტრებში ვერ ეტევა.