Lamine Yamal of Spain sees a chance saved by Giorgi Mamardashvili of Georgia during the UEFA EURO 2024 round of 16 match between Spain and Georgia at...ვალენსიური საიტი superdeporte თავის მორიგ სტატიას გიორგი მამარდაშვილის შესახებ ცნობილი ამბით იწყებს: ქართველი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა. გასულ სეზონში „ვალენსიასა” და ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებში მისი შესანიშნავი თამაში გახდა წინაპირობა იმისა, რომ Transfermarkt-ის დათვლით გიორგის ფასი 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა. superdeporte დასძენს, რომ მას მერე რაც ესპანურ კლუბს სინგაპურელი მილიარდერი პიტერ ლიმი ფლობს, მამარდაშვილი მხოლოდ და მხოლოდ მეხუთე ვალენსიელია, რომელიც თავის ამპლუაში მსოფლიოში უძვირესი გახდა. 2014 წლიდან ასეთები იყვნენ მხოლოდ ხოსე გაია, კარლოს სოლერი, ფერან ტორესი და როდრიგო მორენო.

ქართველი მეკაის ფასი ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ 10 მილიონი ევროთი ნაკლები იყო. ახლა ის „პორტუს” კარის მცველ დიოგო კოშტას მსგავსად ერთად 45 მილიონი ღირს. Sofascore-მა დაითვალა, რომ მამარდაშვილმა „ვალენსიას” შემადგენლობაში 9.26 გოლი არ გაუშვა, საქართველოს ნაკრებში კი 4.67 გოლი. გიორგიმ დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა, ხოლო „ვალენსია” 2022-23 წლების სეზონში ლა ლიგიდან არ გავარდა.

ზემოთ გაია, სოლერი, ტორესი და როდრიგო მორენო ვახსენეთ. მათი ფასი საუკეთესო პერიოდში 50 მილიონს აღემატებოდა. superdeporte წერს, რომ მაშინ, როდესაც ეს ოთხი ფეხბურთელი ძვირი ღირდა, სხვა დრო იყო. იმ პერიოდში „ვალენსია” როგორც კლუბი ჯერ კიდევ გამართულად ფუნქციონირებდა, მწვრთნელად კი მარსელონო გარსია ტორალი მუშაობდა. ეს ის პერიოდია, როდესაც „ჩეების” სპორტული დირექტორები იყვნენ მატეუ ალემანი და პაბლო ლონგორია.

ფასი ფასად, მაგრამ რეალურად რამდენად უნდა გაიყიდოს გიორგი მამარდაშვილი? ეს გახლავთ კითხვა, რომლის გამოც ვალენსიაში ბევრს კამათობენ. ნებისმიერ ფეხბურთელს სწორ დროს და შესაფერის ფასად უნდა გაყიდვა, თორემ ზემოთ ნახსენები სოლერი 2022 წელს „ვალენსიამ” „პარი სენ ჟერმენს” მხოლოდ 18 მილიონ ევროდ მიჰყიდა, როდრიგო მორენოში კი „ლიდს იუნაიტედმა” 2020 წელს 30 მილიონი გადაიხადა.

ყველაზე დრამატული სიტუაცია ფერან ტორესთან დაკავშირებით იყო. ტორესი „ღამურებმა” „მანჩესტერ სიტის” 33.5 მილიონ ევროდ მიჰყიდეს, ინგლისელებმა კი superdeporte-ს თქმით ხეირიანად არც კი ათამაშეს („სიტიში” ტორესმა 2020-22 წლებში სულ 28 შეხვედრა ჩაატარა), ისე გადაულოცეს „ბარსელონას” 55 მილიონ ევროდ.

დღეს „ვალენსიაში” ისეთი სიტუაციაა, რომ ქართველი მეკარის სარფიანად გაყიდვაზე დიდი ილუზია არ უნდა შევიქმნათო, წერს ბოლოს ესპანური საიტი.