საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტები მარცხით კი დაასრულა, მაგრამ ბორჯღალოსნებისთვის აუგის სათქმელად ენა ვერავის მოუბრუნდება. 29:40 სიდნეიში ავსტრალიასთან ის ანგარიშია, რომელიც დიდად არ ჩამოუვარდება ორ წინა უიქ-ენდზე უელსის ნაკრების მიერ განცდილ ორ მარცხს იგივე ავსტრალიელებთან დაპირისპირებებში – შესაბამისად 16:25 და 28:36, თან „დრაკონებზე“ მეტი ქულის გაკეთებაც ხომ შეძლეს ჩვენმა ბიჭებმა?!

არადა თამაში ისე დაიწყო, რომ წესით საქართველოს კარგი დღე არ ელოდა. მატჩისწინა დღეს სამწუხარო ამბავი გაცხადდა – გუნდის ახალი კაპიტანი ბექა გორგაძე დაშავდა და თამაშში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა. ხოლო როცა გუნდები სათამაშოდ გავიდნენ, კიდევ ერთი დანაკარგის თაობაზეც შევიტყვეთ – სანდრო თოდუაც ტრავმირებული ყოფილა და 115-ე კეპის მოხვეჭას ვეღარ შეძლებდა.

ორი ესოდენ ღირებული მოთამაშის დაკარგვამ რიჩარდ კოკერილს ყველა გეგმა აურია – თოდუა და განსაკუთრებით გორგაძე გუნდის მენტალური ლიდერები არიან. ყველაზე გამოცდილების ნაცვლად განაცხადი ორი ახალგაზრდით შეივსო – თორნიკე კახოიძემ დემე თაფლაძის ადგილი დაიკავა ხაზის ცენტრში, ხოლო თავად დემემ გარემარბად გადაინაცვლა თოდუას მაგივრად. შერკინების მესამე ხაზში კი გორგაძის ადგილი მარქაფიდან დაწინაურებულ გიორგი ცუცქირიძეს ჩაბარდა, ხოლო შემცვლელებში მის ნაცვლად დებიუტანტი იოანე იაშაღაშვილი გამოჩნდა. იო დიდი ხანია ნაკრების კანდიდატებს შორის მოიაზრება, მაგრამ ამ რგოლში ბორჯღალოსნებში ისეთი კონკურენციაა, ნებისმიერ ბობოლა სარაგბო ერს შეშურდებოდა, ამიტომაც იაშაღაშვილის დებიუტი მხოლოდ ამ ფორსმაჟორულ ვითარებაში შედგა.

თავად კოკერილიც ამბობდა, რომ ამ ტესტებზე მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობის გამოცდა სურდა, რათა გუნდში კონკურენცია უკლებლივ ყველა პოზიციაზე არსებობდეს. პრინციპში, ეს მიზანი მიღწეულია, რადგან რამდენიმე მართლაც ღირებული ახალგაზრდა გამოჩნდა და მათ შორის იო იაშაღაშვილიცაა.

თამაშს დავუბრუნდეთ და, კაპიტნობა ბექა საღინაძემ ჩაიბარა, ვისთვისაც ეს იყო მესამე მატჩი ამ რანგში. საკადრო პრობლემები უშუალოდ თამაშის მსვლელობისასაც შეიქმნა – დემე თაფლაძის ფლანგური გარღვევისას მეტოქემ თავში მუხლი ჩაარტყა, წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ დემემ თამაში ვეღარ გააგრძელა და თედო აბჟანდაძეს შეხვედრაში ჩართვამ მოუწია, რამაც შემადგენლობა კვლავ თავდაყირა დააყენა – ნინიაშვილი ფლანგზე გადავიდა, მატკავა – ფულბექად, ხოლო თედო ჩვეული, მგეზავის პოზიციაზე დადგა.

ჰოდა, ასეთ არეულობაში 29 ქულა რომ დავაგროვეთ, ესეც პოზიტივია. პირველი 3 ქულა ლუკა მატკავას ჯარიმამ მოგვიტანა, რასაც მინი-კატასტროფა მოჰყვა – „ვოლაბებმა“ მომდევნო 17 წუთში 3 ლელო დაგვიდეს – 19:3. მერე ქართველებმა პირველი მრავალფაზიანი შეტევა ააგეს და მიშა ბაბუნაშვილმა ზედახორაში იყოჩაღა, მატკავამ გარდასახა და უკვე 9 ქულაში ვართ – 19:10!

სწორედ ამას მოჰყვა თაფლაძის დამტვრევისა და დაუგუნუს გაძევების ეპიზოდი. ავსტრალიელი გაასინბინეს, მერე ვიდეორეფერიმ ყვითელი ბარათი გაუწითლა, მაგრამ იაპონიისგან განსხვავებით, აქ ამოქმედდა სატესტო რეჟიმი, რომელიც წითელი ბარათით გაძევებულს თამაშგარე კი ტოვებდა, მაგრამ 20 წუთში მის ნაცვლად თამაშში სხვა მორაგბე ერთვებოდა.

სამწუხაროდ, რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ და ლელო აქეთ მივიღეთ. ტაიმიც იქვე მორჩა – 26:10.

მეორე ტაიმი კი ივანიშვილითა და ლობჟანიძით დავიწყეთ. ვასკას შემოსვლამ მისი და აბჟანდაძის გამოცდილი ღერძი უფრო მაღალ დონეზე აამოქმედა, დაცვაც დალაგდა, სადაც ივანიშვილის მომაკვდინებლი ბოჭვები ასე გვაკლდა. ჰოდა თამაში თამაშსაც დაემსგავსა.

ჯერ დავით ნინიაშვილმა ავსტრალიელთა დაცვა ცენტრიდან გაარღვია და ბურთი ძელებსშუა დადო, მერე აკა ტაბუცაძემ საკუთარი 22-დან ბურთი ფეხით გაიგდო, თავადვე დაეწია და ჩვენი მესამე ლელო მიითვალა, მატკავამ ორივე ლელო გარდასახა და ანგარიში უკვე 26:24 გახდა!

თუმცა მერე ნინიაშვილი გაასინბინეს და ორი ლელო-გარდასახვაც მივიღეთ – 40:24. ხოლო როცა „ნინი“ დაბრუნდა, ტაბუცაძემ კიდევ ერთხელ ჩართო თავისი რეაქტიული ძრავა და თავისი სანაკრებო ანგარიში 43 მატჩში 39 ლელოს გაუტოლა. მატკავამ კიდიდან ააცილა და როგორც აღმოჩნდა, აკას საბოლოო ანგარიში დაუფიქსირებია – 40:29.

მთლიანობაში თამაში ძალიან სანახაობრივი გამოვიდა, მთავარი კი ისაა, რომ ბორჯღალოსნებს უკვე ავსტრალიასთანაც შეუძლიათ ტოლ-სწორად კონკურენცია. იმედიანად ვართ!