ამბობდნენ, 1981 წლის გამარჯვებით ნუ ცხოვრობთ, ეგ დრო წავიდა, საქართველოში ფეხბურთი მოკვდაო. დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გვყავს. გვყავს შემტევი, რომელზეც ანტონიო კონტე გუნდის აშენებას აპირებს, პსჟ კი ყველაფერს აკეთებს, რომ გადაიბიროს. „მკვდრისთვის“ მეტისმეტად ამბიციური განაცხადია.
ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად ვითამაშეთ, ჯგუფიდან გავედით და მომავალ ჩემპიონებთან დავმარცხდით. თქმა არ უნდა, ტურნირზე მხოლოდ მოსაგებად უნდა გავიდეთ, მაგრამ სპორტია, ყოველთვის გამარჯვებული ვერ იქნები. როდესაც თამასას მაღლა სწევ, თბილისის „დინამოსავით“ თამაში შეგრცხვება. ფეხბურთელების თანაბარწილად, თუ მეტად არა, ეს წერილი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ხელმძღვანელობას ეხება.
თაობები, შემადგენლობა, მწვრთნელები – „დინამოში“ ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ ხან მონტენეგროს „მორნართან“ აგებენ, ხან მალტის „ჰამრუნთან“, ხან ფარერების „კლასვიკთან“, ხან ესტონეთის „პაიდესთან“, ხან აზერბაიჯანის „ნეფჩისთან“, ხან ყაზახეთის „ასტანასთან“ და ხან ალბანეთის „ტირანასთან“. ერთი ეტაპის გავლა ახარებთ და ანდორის „ენგორდანისთან“ გამარჯვებით ისე იბრიქებიან, გეგონება ეს წარმატება „დინამოს“ ისტორიაში ოქროს ასოებით იყოს ჩასაწერი. იყო „დინამო“, რომელიც ჰრბოდა, ღრიალებდა და გულშემატკივრებიც მას ბანს ეუბნებოდნენ, იყო „დინამო“, რომელიც იბრძოდა, სტკიოდა და ბობოქრობდა. ნაკრების შემყურე, ახალგაზრდა თაობასაც ესმის, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია.
ვეღარავინ გვეტყვის, ქუთაისის ავტოქარხანა „მერსედესის“ წარმოებას როცა დავიწყებთ, შედეგი მხოლოდ შემდეგ მოგვთხოვეთო. გეგონება „ნასა“ სამხრეთ ამერიკიდან აფრენდეს რაკეტებს კოსმოსში.
რომან ფიფიამ უნდა გაიგოს, თბილისის „დინამო“ მისი საქმე არაა, ქართულ გრანდს დროს აკარგვინებს, რომელსაც ვერ ავინაზღაურებთ. გაყიდოს, ოღონდ ისე ყასიდად არა, როგორც ახლა. მის მუშაობას მხოლოდ ნეგატივი არ ჰქონია. უფლება აქვს საკლუბო აკადემიით იამაყოს, აქ ნაკრების ბევრი წარმატებული ფეხბურთელი გაიზარდა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ აკადემია და გუნდი სხვადასხვა სფეროა, შეიძლება ერთი კარგად გამოგდიოდეს, მეორეში კი რეგრესი იყო.
საიდან ჩანს? ჩვენი მსოფლიო დონის ფეხბურთელები, მამარდაშვილი და კვარაცხელია „დინამოს“ აკადემიის აღზრდილნი არიან, მაგრამ ძირითად გუნდში შანსიც არ მისცემიათ. გიორგი ქოჩორაშვილიც ასე იყო, „დინამოს“ აკადემიიდან „საბურთალოს“ დიდ გუნდში გადავიდა. მადლობა, რომ ეს ბიჭები სწორად რომ აღზარდეთ, მაგრამ ვაი თქვენ, რომ ტალანტი ვერ დაინახეთ. მესმის, წინადადებით „რეალმა“, „ბარსელონამ“, „ბაიერნმა“ ან „მანჩესტერ სიტიმ“ მოგმართოს და წინააღმდეგობა ვერ გაუწიო – როგორც, მაგალითად პარკაძის შემთხვევაში იყო – მაგრამ კვარა „რუსთავში“, მამარდა „ლოკომოტივში“, ქოჩორა კი „საბურთალოში“ გაუშვეს.
სხვა ქართული გუნდები წარმატება გვახარებს, თქვენი სიბრიყვე არა. ამ ბიჭებისთვის შანსი რომ მიეცათ, გონივრული ეჭვი გვაქვს, „გენტზე“ უკეთეს გუნდში მაინც ვერ გაყიდდნენ. ეს ერთეული შემთხვევა არ არის, ეს ტენდენციაა.
ნეტავ, „კრაკოვია“ ოთარ კაკაბაძეს რამდენს უხდის, რომ მისი დაბრუნება ვერ მოვახერხეთ? ან „სლოვანი“ კაშიას? ან „უნივერსიტატიამ“ მექვაბიშვილს ისეთი რა შესთავაზა, თქვენ რომ ვერ გაწვდებოდით? არც გრაცის „შტურმია“ სტანდარტი. წარმატება თუ გვინდა, აკადემიის ფეხბურთელები უნდა დავინახოთ, შევინარჩუნოთ და, ბოლოს და ბოლოს, ისეთ გუნდში მაინც გავუშვათ, ყოველ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში რომ ითამაშებენ.
ბატონ რომანს მკაფიოდ გავაგებინოთ, რომ ის თბილისის „დინამოს“ რეგრესია. თუ მართლა უყვარს, გაყიდოს.