Image
რვა წლის ჟორჟი „ლიონის” ფორმაში

ჭორი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში დადიოდა, დადასტურდა — ჟორჟ მიქაუტაძე მომავალი სეზონიდან „ლიონში” ითამაშებს. ფრანგული გამოცემა So Foot დასძენს: „უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ის კვლავ „ლიონის” ფეხბურთელი გახდება. მიქაუტაძე ლიონშია დაბადებული და „გონესში” (ადგილობრივ დიალექტზე ბავშვებს, ბიჭებს ნიშნავს) თამაშობდა”. არადა, „მეცთან” შეთანხმებულ „მონაკოს” ტრანსფერის სადავეები ხელთ ეპყრა. საგრაფოს კლუბს ბაზარზე თითქოს კონკურენტი აღარ ჰყავდა, მაგრამ ქართველ თავდამსხმელს როგორც ჩანს ძალიან უნდოდა თავისი ბავშვობის კლუბში დაბრუნება. მან ბოლომდე იბრძოლა.

გასული სეზონის მეორე ნახევარში 14 გოლისა და 4 საგოლე პასის ავტორს „მეცში” რომ არავინ დატოვებდა ცხადი იყო, მაგრამ სად გადავიდოდა ის? „მონაკოს” ეგონა, რომ 20 მილიონ ევროდ (პლუს 5 მილიონი ბონუსების სახით) ვისამ ბენ იედერის შემცვლელი იპოვა, მაგრამ თავდამსხმელმა იმდენ ხანს შეიკავა თავი, სანამ „მეცმა” და „ლიონმა” საერთო ენა არ გამონახეს. ამ კლუბებმა სატრანსფერო თანხად 18.5 მილიონი ევრო დათქვეს, რასაც დაემატება ბონუსი – 4.5 მილიონი ევრო, პროცენტები მისი შემდგომი ტრანსფერიდან (სავარაუდოდ 1 მილიონი) და 15% კაპიტალის ზრდისგან.

საბოლოოდ, ევრო 2024-დან ახალდაბრუნებულმა 23 წლის თავდამსხმელმა, რომელმაც ევროპის პირველობაზე საქართველოს ნაკრების შესანიშნავ გამოსვლაში 3 გოლითა და 1 საგოლე პასით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მშობლიური გალიის დედაქალაქში დაიდო ბინა. ბოლო დღეებში ყველაფერი დაჩქარდა, მიქაუტაძემ სამშაბათს სამედიცინო შემოწმება გაიარა და დარჩენილი საკონტრაქტო დეტალებიც შეათანხმა. ამრიგად, მიქაუტაძე 2028 წლამდე „ლიონში” ითამაშებს და მიიღებს ხელფასს, რომელიც ოდნავ აღემატება იმას, რასაც „აიაქსში” იღებდა.

ქართველის არჩევანში ორიგინალური არაფერია. მან ბავშვობაში ფეხბურთის თამაში „ჟერლანში” დაიწყო, საიდანაც „ლიონის” აკადემიაში გადავიდა და 8-დან 15 წლამდე იქ ვარჯიშობდა. ის 2000-წლიანების კაპიტანიც იყო. მას ყოველთვის” უყვარდა ამ კლუბის ფერები.

„მახსოვს, სკოლაში სხვადასხვა ტანსაცმელში გამოწყობის დღეები გვქონდა. მე ყოველთვის ფეხბურთელის სამოსს ვიცვამდი, „ლიონის” მაისურით მივდიოდი”, —  თქვა მიქაუტაძემ 2022 წელს მიცემულ ინტერვიუში, მაგრამ ეს სიყვარული საკმარისი არ აღმოჩნდა. მან 2017 წლამდე „სენ პრიესტში” განაგრძო ვარჯიში, მერე კი „მეცს” შეუერთდა. და მაინც, მაშინაც კი, როდესაც მისი ფეხები და თავი სხვას კლუბს ემსახურებოდა, გული „ლიონს” ეკუთვნოდა. მაგალითი: 2023 წელს, როდესაც მეორე დივიზიონის 32-ე ტურის შეხვედრაში „მეცის” სახელით „სენტ ეტიენს” გოლი გაუტანა, მეტოქე გულშემატკივრების გასაღიზიანებლად (სენტ ეტიენი ლიონიდან 58 კილომეტრშია) რონის დეპარტამენტის კოდი 69 გამოსახა. დღეს მიქაუტაძე უკვე პიერ საჟის ბანდაშია, მაგრამ რჩება ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: როგორ გამოიყენებენ მას?

აქ დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ შეუწყვილდება ქართველი „არსენალში” ნათამაშევ ფრანგ ფორვარდ ალექსანდრ ლაკაზეტს. სხვათა შორის, ყველა ელოდა, რომ ლაკაზეტი „ლიონიდან” წავიდოდა, მაგრამ მან „ქერის ორმოზე” უარი თქვა და საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ქადისიაში” ორ წელიწადში 30 მილიონის აღება არ ინდომა, საფრანგეთში დარჩა. თუ მიქაუტაძეს მარტივად მიუდგებიან და „გენერლის” შემცვლელად მოიაზრებენ, მაშინ მას 33 წლის ვარსკვლავთან, 182 გოლით „ლიონის” ისტორიაში მეორე ბომბარდირთან კონკურენცია მოუწევს, მაგრამ მოლაპარაკებების მსვლელობისას ჟორჟს საშუალება ჰქონდა პირადად ელაპარაკა საჟთან, რომელმაც მას აუხსნა თუ რა როლს მიაკუთვნებს ლაკაზეტთან ერთად და ლაკაზეტის გარეშე. ცნობილი ფრანგული გამოცემა „ეკიპი” წერს, რომ საჟი ამ ორი თავდამსხმელის ერთდროულად გამოყენებას შეეცდება. თუმცა, ლაკაზეტი 18 აგვისტოს „რენთან” პირველ შეხვედრაში ვერ ითამაშებს, რადგან ოლიმპიადა ექნება ახალი მოლეული და დასვენება დასჭირდება. შესაბამისად, მიქაუტაძეს მოუწევს ნიგერიელ გიფტ ორბანთან შეწყვილება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ნიგერიელი და ქართველი კარგად შეეწყობიან ერთმანეთს. ორბანი „ლიონში” იანვრიდან თამაშობს, მიქაუტაძეს კი… ნუთუ მას ზურგზე 69 ნომერი ეწერება?