სხვა რა უნდა თქვან ქართველმა მორაგბეებმა იტალიელებზე, თუ არა ქალაქურად „ჩვენი ბულკები არიანო“? ბორჯღალოსნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აგერ 20-წლამდელებმაც კი ზედიზედ მესამედ დაამარცხეს შესაბამისი იტალიური ნაკრები.

საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მე-9 ადგილზე დაასრულა – მე-9-მე-12 ადგილებისთვის პლეი-ოფის ფინალში ლადო კილასონიას შესანიშნავმა გუნდმა იტალიის 20-წლამდელები 24:13 დაამარცხა!

გემახსოვრებათ, ათიოდე დღის წინ საქართველომ იტალიას ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ბონუსით, 28:17 მოუგო და მოგვიანებით გამართულ მატჩში ინგლისს მასპინძელი სამხრეთ აფრიკა 8 ან მეტი ქულის სხვაობით რომ დაემარცხებინა, „პატარა ქურციკების“ ნაცვლად მე-5-მე-8 ადგილებისთვის უმცროსი ბორჯღალოსნები იბრძოლებდნენ.

ინგლისმა კი მოიგო, მაგრამ მხოლოდ გაწითლებულ დროში შეძლო გადამწყვეტი ლელოს გატანა, რომელიც ვერ გარდასახა. და რომც გარდაესახა, საქართველოს მაინც ვეღარაფრით დაეხმარებოდა. ჰოდა, დარჩა ჩვენი გუნდი სამი მესამეადგილოსნიდან უარესი მაჩვენებლების ამარა, რაც ელიტაში დარჩენისთვის ბრძოლაზე გადართვას ნიშნავდა.

ნახევარფინალში დრამატული ფინიშის მიუხედავად, საქართველომ ფიჯისთან უპირატესობის შენარჩუნება მაინც მოახერხა და ფინალში კი ისევ იტალია დაგვხვდა.

როგორც წინასამატჩო მიმოხილვაში ვთქვით, მე-9 და მე-10 ადგილებს შორის არანაირი პრაქტიკული განსხვავება არ არსებობს, მაგრამ იტალიელებს ერთი სული ჰქონდათ, „ამ ქათველებისთვის კუთვნილი ადგილი  მიეჩინათ“, ხოლო უმცროს ბორჯღალოსნებს იმის დამტკიცებაღა დარჩენოდათ, რომ ამ ასაკობრივ დონეზე იტალია ჩვენი პირდაპირი კონკურენტიც აღარაა – მათ ხომ შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატზეც მოვუგეთ და წლეულსაც, ჯგუფში…

…და გაიმარჯვა უძლიერესმა! პირველ ტაიმში 2 იტალიურ ჯარიმას 2 შეუჩერებელი მოლი დავუპირისპირეთ, პირველი გიორგი გერგედავამ აქცია ლელოდ, მეორე – თემურ წულუკიძემ. ცირეკიძემ პირველი ვერ გარდასახა და ტაიმიც 12:6 მოვიგეთ.

მეორე ტაიმის შუა წუთებზე კი ორი ისეთი ლელო დადეს ქართველებმა, ზელანდიელები, ფრანგები თუ ინგლისელები დაუფიქრებლად მოაწერდნენ ხელს.ჯერ იყო და, ნუგზარ ქევხიშვილმა ბურთი მიიღო და ერთი დაქნევით მთელი დაცვა გააბითურა, ძელებსშუა შევარდა და ლამაზ ნახტომში ბურთი დაამიწა. სულ მალე კი ტანით პატარა ლუკა თაყაიშვილმა დაკიდებული ბურთი დაიჭირა და საოცარი დრიბლინგით რამდენიმე ათეული მეტრი დაფარა, მარცხნიდან აყოლილ ფეხმარდ სეხნია კეშელავას უპასა, ამ უკანასკნელმა კი ლელო ზედ ალამთან დადო. პირველი მარტივი გარდასახვის შემდეგ კიდევ ერთმა ლუკამ – ცირეკიძემ კეშელავასი ვეღარ გამოიყენა და ანგარიში 24:6 გახდა.

იტალიელებსაც ნუ დავუკარგავთ განრწყინებას – სულ მალე მათმა ფულბექმა სიჩილიანომ მშვენიერი ლელო გაგვიტანა, 9 ნომერმა პუჩარიელომ გარდასახა და საბოლოო ანგარიშიც დადგა – 24:13.

მანამდე კი ის მოხდა, რომ ესპანეთმა ფიჯის დამატებით დროში 24:19 მოუგო და ალაფაზე გაისტუმრა. გაისად ფიჯელთა ადგილს ახლახან დასრულებული ალაფის ჩემპიონი შოტლანდია დაიკავებს.