მარიო ერმოსო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მადრიდის „ატლეტიკოში” თამაშობდა.

„ნაპოლი” დიმაროში ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. მართალია ანტონიო კონტეს განკარგულებაში ჯერ ყველა ფეხბურთელი არ არის, მაგრამ მუშაობა დაიწყო. „აძურის” ახალი თავკაცი უპირველეს ყოვლისა ფიზიკურ მომზადებაზე ამახვილებს ყურადღებას. ჟურნალისტები წერენ, რომ ეგრეთწოდებული პრე-სეზონის მეორე ნახევარი კასტელ დი სანგროში ჩატარდება, სადაც კონტეს სამუშაოების ფართე სპექტრი აქვს დაგეგმილი. საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, რომ „ნაპოლის” ორი-სამი ახალი ფეხბურთელი სჭირდება. კლუბის პრიორიტეტი ასეთია: დაცვაში 29 წლის ესპანელი მარიო ერმოსოს დამატება. ის უკანა ხაზს სოლიდურობას შესძენს; ნახევარდაცვაში კონკრეტულად ჯერ არავის ასახელებენ, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ კონკრეტული მონაცემების მქონე ფეხბურთელს ეძებენ და თავდასხმაში ვიქტორ ოსიმენის ნაცვლად 31 წლის რომელუ ლუკაკუს მიყვანა.

საიტი napolipiu წერს, რომ სავარაუდოდ „პარტენოპეელთა” შემადგენლობაში თითო პოზიციაზე ორი ან მეტი კაცი იქნება: მერეტი-ჩაპრილე; დი ლორენცო- მაცოკი, რაჰმანი-მარინი, ბონჯორნო-ჟუან ჟესუსი, ერმოსო-ნატანი, სპინაცოლა-ოლივერა; ლობოტკა-ფოლორუნშო (ან გაეტანო), ანგისა-კაიუსტე (ან ახალი ფეხბურთელი), პოლიტანო-ნგონგე (ლინდსტრომი წასვლას აპირებს), ლუკაკუ-ჩედირა (სიმეონე წასვლას აპირებს), კვარაცხელია-რასპადორი (ან ძერბინი).

იმისათვის, რომ „ნაპოლიმ” სატრანსფერო ბაზარზე იაქტიუროს საჭიროა ვიქტორ ოსიმენი სარფიანად გაყიდოს ანუ მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტი მიიღოს.

ამასობაში კი გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა: ჩრდილო იტალიის ლიგის (საიდანაც გამარჯვებული გადადის სერია D-ში) მონაწილე „ანაუნესთან” მოიგო 4:0.

ლუიჯი დე კანიომ, რომელიც „აძურის” 2001-02 წლებში წვრთნიდა, რადიოგადაცემა 1 Football Club-ის მეშვეობით მსმენელს თავისი მოსაზრება გაუზიარა:

„ნეაპოლელთა პირველი ამხანაგური თამაში ანგარიშის ან მოლოდინის თვალსაზრისით საერთოდ არაფერს ნიშნავდა. მან მხოლოდ მწვრთნელს გასცა პასუხი მისთვის საინტერესო რამდენიმე კითხვაზე და სულ ეს იყო. ვინ მოხვდება და ვინ არა ძირითად შემადგენლობაში, ამას კონტე მოგვიანებით გადაწყვეტს. რაც შეეხება სათამაშო სქემას, იმას, რომ ახალი მწვრთნელის მთავარი მიმართულება 3-4-2-1 იქნება, ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, როდესაც მან კვარაცხელიაზე და მის მნიშვნელობაზე ილაპარაკა. რასაკვირველია, მწვრთნელმა განლაგება რომელიმე კონკრეტულ შეხვედრაში შეიძლება შეცვალოს და რაიმე საჭიროებას მოარგოს, მაგრამ აშკარაა, რომ მთავარი ხაზი ზემოთ ნახსენები სქემა იქნება.

ფეხბურთელებზე კი იმას მოგახსენებთ, რომ კონტესთან ყოველდღიური მუშაობის საფუძველზე თითოეულ მათგანს მიეცემა გუნდში თავისი ადგილის პოვნის შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ შეასრულებს თითოეული მათგანი მწვრთნელის მოთხოვნებს. სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის ერთადერთი ვარიანტი ვარჯიშებზე თავდადებაა”.