Victor Osimhen of Napoli is participating in day 3 of the preseason training camp of SSC Napoli in Dimaro, Trento, Italy, on July 13, 2024.გუშინ ნეაპოლური გაზეთი „ილ მატინო” წერდა, რომ ვიქტორ ოსიმენის „პარი სენ ჟერმენში” გადასვლის საქმე გართულდა, მაგრამ საღამოს ყველაფერი შეიცვალა. მას მერე, რაც „ნაპოლის” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა და პარიზელთა პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ უშუალოდ ილაპარაკეს, გადაწყდა, რომ თუ რაღაც მოულოდნელი არ მოხდება, ნიგერიელი დღეს ან ხვალ პარიზს გაეშურება. ბოლო ცნობით გარიგება ფაქტობრივად შედგა. დასახვეწია ცალკეული დეტალები.

თავდამსხმელი, რომლის გადაბირება საუდის არაბეთის კლუბ „ალ აჰლისაც” უნდოდა, პრიორიტეტად ყოველთვის „პარი სენ ჟერმენს” მიიჩნევდა. როგორც ამბობენ, საუდელთა აქტიურობის მიუხედავად ფრანგულ და იტალიურ კლუბებს შორის გარიგება მაისშივე შეიძლებოდა შემდგარიყო, მაგრამ პარიზელები გათამადნენ — მათ „აძურისგან” ხვიჩა კვარაცხელიას შეძენაც მოუნდათ. დაბრკოლების დანახვაზე არაბებმა, რომლებიც ამ დღეებში ავსტრიაში გადიან შეკრებას, ახალი ძალით შეუტიეს სამიზნეს, რის გამოც დე ლაურენტისმა ოსიმენი კედელთან მიყენა: თუ პსჟ ხმას აღარ იღებს, ერ რიადში გაემგზავრებიო.

დღეს უკვე ყველაფერს თავისი ადგილი გამოუჩნდა. ამის მინიშნება გახლდათ ისიც, რომ მოსამზადებელი პერიოდის პირველ ამხანაგურ შეხვედრაში „ანაუნესთან” (4:0) ოსიმენმა არ ითამაშა.

ამასობაში, ოსიმენის „ნაპოლიდან” წასვლას ელოდება ბელგიელი რომელუ ლუკაკუ, რომელიც შვებულებაშია და როგორც ამბობენ მზად არის კვლავ შეუერთდეს მწვრთნელს, რომელთან ერთადაც „ინტერში” ორი შესანიშნავი წელიწადი გაატარა. მართალია ლუკაკუს მილანურ კლუბში გამოსასყიდ თანხად 44 მილიონი ევრო უწერია, მაგრამ რეალურად მისი ფასი 25 მილიონს პლუს შედეგების მიხედვით დარიცხული ბონუსებია.