სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა შორის პლეი-ოფის ნახევარფინალები შედგა.

უმცროსი ბორჯღალოსნები მე-9-მე-12 ადგილების გათამაშებაში წარმატებით ჩაებნენ და ამ ოთხეულის ნახევარფინალში ფიჯელ თანატოლებს აბსოლუტურად მოულოდნელ თრილერში 40:36 აჯობეს. ლადო კილასონიას გუნდი რამდენიმე დღის შემდეგ თავის ბოლო მატჩს გამართავს – მე-9 ადგილისთვის იტალიის U20-ს შეერკინება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებს 28:15 მოუგო.

რაც შეეხება ფიჯელებს, ისინი ელიტაში დარჩენისთვის ესპანელებს გაეჯიბრებიან, მაგრამ აქ ერთი ისეთი გარემოება ფიგურირებს, რომელმაც ჩვენი და ფიჯური ნაკრებების რკენას მნიშვნელოვანი დაღი დაასვა.

მსოფლიო რაგბისთვის ჩვეული ამბავია, როცა მომდევნო ტურნირის მაპინძელ ქვეყანას მიმდინარე ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ავლენენ ხოლმე. ახლაც მსგავსი რამ ხდება – 2025 წლის ტურნირის მასპინძლობაზე პრეტენზიას საქართველო და ესპანეთი აცხადებენ და როგორც ცნობილია, მსოფლიო რაგბი პირენელთაკენ იხრება. მაგრამ აქ ერთი თავისებურებაა – ტურნირის მასპინძელი მისი მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს. ეს ამბავი ქართველებმაც იცოდნენ და ფიჯელებმაც – მათ შორის დამარცხებული დიდი ალბათობით მომავალ სეზონში არა ჩემპიონატში, არამედ რანგით მომდევნო ალაფაზე ითამაშებდა.

ჯგუფში სამივე მატჩის პრაქტიკულად უბრძოლველად დათმობაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ფიჯის 20-წლამდელები აქცენტს ჩემპიონატის მე-4 მატჩზე აკეთებდნენ. ეს ჩვეული პრაქტიკაა ასეთი ფორმატის ტურნირებზე და საქართველოს ნაკრებსაც არაერთხელ მიუმართავს ამგვარი სტრატეგიისთვის.

ამიტომაც იყო, რომ ახალგაზრდა „მფრინავი ფიჯელები“ ქართველებთან სათამაშოდ ათმაგად მოტივირებულები გავიდნენ. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, უმცროს ბორჯღალოსნებს არ გაუმართლათ – ჯერ ირლანდიასთან დრამატულად წაგებულ მატჩში, შემდეგ კი ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს, როცა ინგლისმა სამხრეთ აფრიკას ჩვენთვის სასურველი სხვაობით ვერ მოუგო. ამიტომაც აღმოვჩნდით აუტსაიდერებს შორის

ქართველი 20-წლამდელები ფიჯელებთან შეხვედრაში უპირობო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ და სპეციალისტთა ვარაუდით, უპრობლემოდ გაიმარჯვებდნენ. მაგრამ პლეი-ოფის სპეციფიკაც ისაა, რომ ერთი ცალკეული მატჩის სასწაულებრივ მაგრად ჩატარება ალბათ ყველას შეუძლია.ჰოდა, ფიჯიმაც გაილაღა.

მართალია, ისინი ანგარიშში ერთადერთხელ დაწინაურდნენ, როცა ლუკა ცირეკიძის ორ ჯარიმას ლელო-გარდასახვით უპასუხეს. ამის მერე სულ ქართველები ლიდერობდნენ. ზოგჯერ დიდი სხვაობითაც: მაგალითად, 55-ე წუთზე ანგარიში 28:12 გახდა, მაგრამ ფიჯელები დანებებას სულაც არ აპირებდნენ – ყოველ ქართულ ლელოს ლელოთივე პასუხობდნენ, ოთონდაც, როგორც წესი, ბურთს ფლანგური გარღვევების შემდეგ კუთხის ალამთან ამიწებდნენ, საიდანაც მათი დამრტყმელი გარდასახვებს ვერ იტანდა. ჰოდა, ფიჯელთა 6 ლელოდან 3 გარდაუსახავი დარჩა – ესეც შენი 6 გაფლანგული ქულა. პრინციპში, 2 გარდასახვა ლუკა ცირეკიძემაც გააფუჭა, მაგრამ მან 3 გაიტანა და ზედაც 3 ჯარიმა შეასრულა უნაკლოდ.

და როცა ორივე გუნდს ძალები ფაქტობრივად ამოეწურა და ფიჯელები კრიტიკულად – 4 ქულის დისტანციაზე მოგვიახლოვდნენ, ქართველებმა მორიგი შეუჩერებელი მოლი ააგორეს და მეექვსე ლელოც გაიტანეს. ჩვენი დამრტყმელი უკვე გარდასახვის შესასრულებლად და გამარჯვების გასაფორმებად გაემართა, ვიდეორეფერიმ უელსელ არბიტრს რომ მიმართა, წესების დარღვევა შევნიშნეო. სკოტ ადამსმაც თითიდან გამოწოვილი მიზეზით ლელო გაგვიუქმა, გაწითლებულ დროში კი ფიჯელებს კიდევ გაუმართა ხელი, როცა მურთაზ ცხადაძე ასევე გამოგონილი ფოლის გამო გააძევა. არადა, ფიჯელები ფაქტობრივად ყოველი კონტაქტისას სცოდავდნენ მსგავსი დარღვევებით და გასაკვირი სწორედ ის იყო, რომ ქართველებმა მატჩის განმავლობაში 2 ყვითელი ბარათი მიიღეს, ხოლო ხშირად აშკარად უხეშმა ფიჯელებმა – ერთადერთი.

უსამართლობის ფიალა აქ გადაივსო – კუძულელებმა გააფთრებით კი შეუტიეს კაცნაკლულ ქართველებს, მაგრამ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დაცვაში გმირულად იომეს და ბურთიც დაისაკუთრეს. სამართალმაც იზეიმა, თუმცა ბოლო დროს ქართველების მიმართ არაკეთილსინდისიერების გამოვლინებები რატომღაც გახშირდა და ეს დამაფიქრებელია. მსოფლიო რაგბი, რაგბი ევროპაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უსამართლობის ქრესტომათიაში შეტანის ღირსია და ეს „მცირეინციდენტი“ ჩვეულებრივი მოვლენაა…