ხვალ ევროპის ჩემპიონატი მთავრდება. საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას” მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ევრო 2024-ის ბოლო შეხვედრა 30 ივნისს ჩაატარა, როდესაც ქართველები ესპანეთთან დამარცხდნენ 1:4. მადრიდული გამოცემა AS წერს, რომ მას მერე ორი კვირა გავიდა და მამარდას ბრწყივნალე თამაშის ექო შედარებით მინელდა, მაგრამ ქართველი სატრანსფერო ბაზარზე კვლავ მნიშვნელოვანი ფიგურაა. თუმცა არის მეორე მხარეც: ჯერჯერობით იმ თანხის გადახდას, რომელსაც მასში „ვალენსიას” მეპატრონე პიტერ ლიმი ითხოვს, არავინ აპირებს. მიზეზი შეიძლება ორი იყოს. პირველი ის, რომ მდიდარ კლუბებს მეკარის პრობლემა არ აქვთ და მეორე — ისინი მაინც ჭოჭმანობენ, ღირს თუ არა გოლკიპერში ამხელა თანხის გადახდა.
ამასობაში კი ფეხბურთელი ისვენებს და განწყობილია, რომ შვებულების დამთავრების შემდეგ ისევ „ვალენსიაში” მოუწევს მისვლა. სეზონისწინა მომზადებას ის „ღამურებთან” ერთად გაივლის. ეს 28 ივლისიდან დაიწყება, ანუ ორ კვირაში, ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან დამარცხებიდან ოთხი კვირის შემდეგ. შემდეგ ის გაივლის სამედიცინო შემოწმებას და გადავა რუბენ ბარახას განკარგულებაში, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა კიდევ ერთი ტოპ-მეკარე ჩრდილო მაკედონიელი სტოლე დიმიტრიევსკი დაიმატა, მას გაშლილი ხელით ელოდება.
AS-ს ცნობით „ვალენსია” სატრანსფერო ბაზარზე არ ჩქარობს. მას არც მამარდაშვილის გაყიდვა ეჩქარება და არც რომელიმე სხვა ფეხბურთელის. შესაძლოა ლიმი ვარაუდობს, რომ მეკარეს ან ამა თუ იმ წამყვან ფეხბურთელს ზამთრის სატრანსფერო სეზონშიც გაყიდის. ყოველ შემთხვევაში სინგაპურელი ამ ეტაპზე შეუვალია და ქართველ ფეხბურთელში 40 მილიონ ევროს ითხოვს. მყიდველმა ეს ან დაახლოებით ასეთი თანხა უნდა შესთავაზოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ესპანური გაზეთის თქმით, მამარდაშვილს „ვალენსიაში” მოუწევს კარიერის გაგრძელება.
სანამ AS სატრანსფერო ბაზარზე ფიქრობს, ვალენსიური superdeporte ფულს ითვლის. ევროპის კლუბთა ასოციაცია და უეფა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელთა კლუბებს 2008 წლის მერე ფულს უხდის. „ვალენსიას” ევრო 2024-ზე ერთადერთი კაცი ჰყავდა წარგზავნილი — გიორგი მამარდაშვილი. ასე ცოტა მოთამაშით „ჩეები” ევროპულ საფეხბურთო ფორუმზე 1992 წლის შემდეგ არ ყოფილან. 1992 წელს, გერმანიაში მათგან არავინ იყო.
ამჯერად უეფამ კლუბებზე 140 მილიონი ევრო გაანაწილა. ეს თანხა განაწილდა იმის მიხედვით, თუ ვის რამდენი ფეხბურთელი ჰყავდა ტურნირზე წარგზავნილი; რამდენი დღე დაჰყვეს მათ შეჯიბრებაში; ამას დაამატეთ 10 დღე ჩემპიონატამდე და 10 დღე გუნდის გამოვარდნის შემდეგ და ბოლოს ლიგის კატეგორია — „ველნსია” ესპანეთის ლიგაშია ანუ პირველი კატეგორიის კლუბი გახლავთ. საბოლოოდ გამოვიდა, რომ „ღამურებს” დღეში 10 000 ევრო ერგებოდათ.
საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ოთხ შეხვედრაში ითამაშა ანუ გერმანიაში 12 დღე გაატარა. ამას დაამატეთ ათი დღე ჩემპიონატამდე და ამდენივე გავარდნის შემდეგ. გამოდის, რომ მამარდაშვილმა „ვალენსიას” 230 ათასი ევრო მოუტანა.