კვირას, 14 ივლისს საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე მატჩს გამართავს. მე-9-მე-12 ადგილებისთვის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლადო კილასონიას გუნდი ჯგუფური ეტაპის შედეგების მიხედვით ტურნირის უსუსტეს ნაკრებს – ფიჯის დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:30-ზე დაიწყება.
2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ამ გუნდების ერთადერთიშეხვედრა შედგა – ანალოგიური სტადიის მატჩში ქართველები 62-ე წუთამდე 0:8 მარცხდებოდნენ, მაგრამ სიტუაცია გამოასწორეს და არაადამიანური ძალისხმევის ხარჯზე გაწითლებულ დროში გამარჯვებასაც მიაღწიეს – 12:8.
დღესდღეობით კი მოვლენების მსგავსი განვითარება უბრალოდ წარმოუდგენელია – საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები გრანდების წაქცევასაა დაჩვეული, ფიჯი კი, ძველ დონეზე დარჩა – ჯგუფის სამივე მატჩი ჯამურად 30:157 წააგეს, ანუ საშუალოდ თითოეული მატჩი 42-ქულიანი ჩამორჩენით დათმო. პრინციპში, პლეი-ოფში ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა, ობიექტურად, უმცროს ბორჯღალოსნებს ფიჯელებზე გაცილებით მაღალი დონის გუნდი ჰყავთ.
შემადგელობაშიც სასიამოვნო სიახლეა – ტრავმა მოიშუშა და ფიჯელებთან ითამაშებს „კლერმონის“ მესამეხაზელი გიორგი გერგედავა – ამ თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი.
თუ მოიგებენ, მე-9 ადგილისთვის ისპანეთსა და იტალიას შორის უძლიერესს დაუპირისპირდებიან და პროგნოზის გაკეთება აქაც თამამად შეიძლება – იტალიელები აშკარა ფავორიტები არიან ელიტის დებიუტანტებთან შეხვედრაში. ასე რომ, ამ ოთხეულის ფინალში ჯგუფის ბოლო მატჩის განმეორება სულაც არაა გამორიცხული.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ფიჯისთან მატჩში:
- ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. თემურ წულუკიძე (ოიონაქსი), 6. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 7. ანდრია დვალი (პერპინიანი), 8. ნიკა ლომიძე (კაპიტანი, ბაიონი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 11. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 13. ლუკა კობაური (ნარბონი), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 15. ოთარ მეტრეველი (აია).
მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით ქუნთელია (პროვანსი), 19. მურთაზ ცხადაძე (არესი), 20. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი), 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო).