პენალტი, რომლითაც ჰარი კეინმა ანგარიში გაათანაბრა, სკანდალურად ცნობილმა მსაჯმა ფელიქს ცვაიერმა ინგლისის ნაკრებს აჩუქაო, წერს „სანის” მესვეტე მარკ ჰელსი. ლაპარაკია ევრო 2024-ის ნახევარფინალში დანიშნულ თერთმეტმეტრიანზე. ამ შეხვედრაში ინგლისმა ნიდერლანდებს 2:1 მოუგო. ანგარიში მე-7 წუთზე ჰოლანდიელმა ჩავი სიმონსმა გახსნა. მე-18 წუთზე კეინმა ზემოთ ნახსენები პენალტით გაათანაბრა, ხოლო შეხვედრის ბოლოს, 90+1 წუთზე, „ასტონ ვილას” თავდამსხმელმა ოლი უოტკინსმა, რომელიც მოედანზე 10 წუთის შესული იყო, მასთან ერთად შესული კოლ პალმერის პასით გამარჯვების გოლი შეაგდო.
ჰელსს მიაჩნია, რომ VAR-ის მსაჯთა ბრიგადის შეფ ბასტიან დანკერტს ცვაიერი ეპიზოდის სანახავად მონიტორთან არ უნდა გაეშვა. ინგლისელი მესვეტის აზრით დენზელ დუმფრიზმა და კეინმა ფეხი ერთდროულად მოიქნიეს, კეინმა კი კარში რატყმა მოასწრო.
„ეს იყო ფეხების შეჯახება და არა წესის დარღვევა, მაგრამ რაკი ცვაიერი მონიტორისკენ გაუშვეს, მან უკვე იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. ის ბრწყინვალე მსაჯია, მაგრამ როგორც ვხედავთ, როდესაც VAR არბიტრს მომენტის შესამოწმებლად მონიტორთან უხმობს, ერთი მათგანიც კი ვერ ახარხებს თავისი განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას. ვიცი, ზოგი იტყვის, რომ დუმფრიზმა ფეხის მოქნევა დაიგვიანა და ასეთი დარღვევის გამო მოედნის ნებისმიერ სხვა ადგილას ჯარიმა დაინიშნებოდა, მაგრამ ფეხბურთი კონტაქტური სპორტია და შეჯახებებში მოულოდნელი და გასაკვირი არაფერია”, — წერს ჰელსი და დასძენს, რომ ამ ეპიზოდს თუ არ ჩვათვლით, ცვაიერმა შესანიშნავად იმსაჯა.
მაგრამ, არ იფიქროთ, რომ ინგლისურ პრესაში და კერზოდ „სანში” კრიტიკული წერილიბის სიმრავლე იყო. ინგლისელები ფინალში გასვლას ზეიმობენ. ასე მაგალითად, „სანის” წერილი, რომელშიც თავიანთი ნაკრების ფეხბურთელებს აფასებდნენ, იწყება სიტყვებით: „ეს იყო ბრწყინვალე გუნდური წარმოდგენა…” დიდი ეჭვია, რომ ამ მოსაზრებას დანარჩენ მსოფლიოში ფებურთის მოყვარულთა უმრავლესობა არ გაიზიარებს. ყოველ შემთხვევაში იმას, რაც ტელეეკრანზე ჩანდა ბრწყინვალეს ვერ დაარქმევდი. პენალტთან დაკავშირებით კი ITV Football-ის X პლატფორმაზე დაიდო გამოკითხვა, „იყო თუ არა პენალტი?”, რომელსაც ქვემოთ მიწერილი ჰქონდა: „გულწრფელად, ვინმეს გადარდებთ ეს ამბავი?”