Dani Olmo of Spain scores his team's winning goal during the UEFA EURO 2024 semi-final match between Spain v France at Munich Football Arena on July...AS წერს, რომ ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებთა ნახევარფინალი ესპანელებმა ცუდად დაიწყეს. პირველი გოლი მე-9 წუთზე ფრანგმა კოლო მუანიმ გაიტანა, მაგრამ  12 წუთში ლამინე იამალმა ფენომენალური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში (გახდა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე), კიდევ 4 წუთის შემდეგ კი დანი ოლმომ ასხლეტილი ბურთი იხელთა, შესანიშნავად დაამუშავა და დაარტყა. ბურთი სავარაუდოდ მიზანს სცდებოდა მაგრამ ფრანგი მცველის ჟიულ კუნდეს დახვედრებულმა ფეხმა მიმართულება შეუცვალა და კარში შევარდა.

„დარტყმა, რომელიც კარისკენ არ არის მიმართული, გოლის კი მეტოქე თავის კარში აგდებს, ავტოგოლად ითვლება. ოღონდ აშკარად უნდა ჩანდეს, რომ ბურთი კარს ცდებოდა. ამ შემთხვევაში ასე არ იყო. ძნელი გასარკვევი იყო ოლმოს დარტყმული კარში მიდიოდა თუ არა. თავდაპირველად უეფამ ეპიზოდი ფრანგი მცველის ავტოგოლად შეაფასა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ მდგომარეობა გამოასწორა და გოლი დანი ოლმოს ჩაეთვალა”, — წერს AS.

ამრიგად, ესპანელი ოლმო ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში გიორგი მიქაუტაძეს დაეწია, გოლს პლუს პასის პრინციპით კი გადაუსწრო კიდეც — მას ორი საგოლე პასი აქვს შესრულებული (გერმანიასთან და ალბანეთთან), მიქაუტაძეს კი ერთი (პორტუგალიასთან).

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ზე სამი გოლი ოლმოსა და მიქაუტაძის გარდა გაიტანეს ნიდერლანდელმა კოდი გაკპომ, გერმანელმა ჯამალ მუსიალამ და სლოვაკმა ივან შრანცმა. აქვე დავძინოთ, რომ ოლმომ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა გაკპომ და მუსიალამ ხუთში, მიქაუტაძემ და შრანცმა კი ოთხში.

თუმცა, მიქაუტაძე მაინც გაერია დიდ ბომბარდირთა მარაქაში. ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ის გახდა მე-9 თავდამსხმელი, რომელმაც ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა. ამ საპატიო სიაში ის შეუერთდა კრიშტიანუ რონალდუს (2021), გარეთ ბეილს (2016), რუუდ ვან ნისტელროის (2004), მილან ბაროშს (2004), სავო მილოშევიჩს (2000), ალან შირერს (1996), ხრისტო სტოიჩკოვს (1996) და მიშელ პლატინის (1984).

რაც შეეხება სამ შეხვედრაში სამ გოლსა და ერთ საგოლე პასს, ასეთი რამ ბოლოს 2016 წელს გარეთ ბეილმა შეძლო.