Victor Osimhen of SSC Napoli at Napoli Sporting Center on July 09, 2024 in Castel Volturno , Italy.
ოსიმენი „ნაპოლის” ბაზაზე გამოცხადდა

სატრანსფერო ბაზარი დიდი ხნის გაღებული არ არის, „ნაპოლიმ” კი უკვე მოასწრო სამი ფეხბურთელის დაბევება: იტალიელები ლეონარდო სპინაცოლა და ალესანდრო ბონჯორნო, აგრეთვე ესპანელი რაფა მარინი ფაქტობრივად უკვე „მარადონაზე” არიან. სამივე მცველია. 22 წლის რაფა მარინი „რეალის” საკუთრებაა, თუმცა ბოლო სეზონში იჯარის წესით „ალავესში” თამაშობდა. ახლა, ნეაპოლელთა წინაშე დიდი საკითხი დგას: ვიქტორ ოსიმენის დაბინავება. როგორც „სქაის” ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ამბობს, აბურდული მდგომარეობის გარკვევა შეიძლება ალვარო მორატას „მილანში” გადასვლით დაიწყოს.

„მორატამ მილანელებს თანხმობა უთხრა (ზლატან იბრაჰიმოვიჩი მას რამდენიმე დღეის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა, „მილანში” გადასვლას უჩიჩინებდა), ეს კი „ატლეტიკოს” სატრანსფერო ბაზარზე გასვლას აიძულებს. ასახელებენ რამდენიმე კანდიდატს, მაგალითად უკრაინელ არტიომ დოვბიკს, მაგრამ მის გარდა „პარი სენ ჟერმენისა” და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი რანდალ კოლო მუანიც ახსენეს. კოლო მუანის „ნანტსა” და „აინტრახტშიც” აქვს ნათამაშევი.

კი მაგრამ რა შუაშია ოსიმენი „ატლეტიკოსთან”? საქმე ის არის, რომ თუ კოლო მუანი „ატლეტიკოში” გადავა, პარიზელებს ახალი ფორვარდი დასჭირდებათ და „ნაპოლის” ნიგერიელის თაობაზე დაუწყებენ ლაპარაკს. სადღეისოდ პსჟ ოსიმენისთვის ყველაზე სავარაუდო ვარიანტია. „ნაპოლიში” კი მის მაგივრად რომელუ ლუკაკუ მივა, რომელმაც იტალიურ კლუბს უკვე მისცა ზეპირი თანხმობა”, — თქვა დი მარციომ.

ამასობაში ოსიმენი ცოლ-შვილთან ერთად ნეაპოლში დაბრუნდა და ოჯახი აკვაპარკში გაასეირნა. როგორც იტალიური პრესა წერს, ფორვარდს რამდენიმე მეგობრისთვის უთქვამს, არც „ნაპოლიში” დარჩენა იქნებოდა ცუდი, აქ დიდი მწვრთნელი(ანტონიო კონტე) მოვიდა და ახალი პროექტი იწყებაო.