Brisantes Wiedersehen mit Bellingham: Deutscher Schiedsrichter leitet  EM-Halbfinale2005 წელს ფელიქს ცვაიერი მეორე ბუნდესლიგის მსაჯი იყო, როდესაც მართლმსაჯულების წინაშე მოუხდა წარდგომა. მან და კიდევ ოთხმა არბიტრმა კოლეგა რობერტ ჰოიზერი ამხილეს. ჰოიზერს, რომელიც დააპატიმრეს და მსაჯობა სამუდამოდ აუკრძალეს, ბერლინში მოქმედ ხორვატულ სინდიკატთან ჰქონდა კავშირი. სამართალდამცველებთან თანამშრომლობის მიუხედავად ცვაიერი თავადაც დასაჯეს. დადგინდა, რომ მან ჰოიზერისგან ქრთამი აიღო, 300 ევრო. ამ თანხის საფასურად ვუპერტალერის „ბორუსიასა” და ბერლინის „ჰერტას” მეორე გუნდის შეხვედრაში თანამსაჯად მივლინებულ ცვაიერს, სადავო სიტუაციებში ვუპერტალერის სასარგებლოდ უნდა აღემართა ალამი. გერმანული ფეხბურთის შეფები ცვაიერის ამბავს საიდუმლოდ ინახავდნენ. ოთხი წლის შემდეგ ის ბუნდესლიგის მსაჯად აღაზევეს, ხოლო 2012 წელს ფიფას არბიტრადაც გაიყვანეს.

ხვალ ცვაიერი ევრო 2024-ზე ინგლისისა და ნიდერლანდების ნახევარფინალურ შეხვედრას განსჯის და… დორტმუნდის სტადიონზე კიდევ ერთხელ შეხვდება ჯუდ ბელინგემს, რომლის სახელსაც მისი კარიერის კიდევ ერთი სკანდალი უკავშირდება. სკანდალი ასეთია: 2021 წლის 4 დეკემბერს „ბორუსიასა” და „ბაიერნის” შეხვედრაში ცვაიერმა საეჭვო გადაწყვეტილებები მიიღო. ასე მაგალითად მან მიუნხენელების სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, არადა მატს ჰუმელსს დიდი ალბათობით ბურთისთვის ხელი არ მიუკარებია.

მატჩის შემდეგ ბელინგემმა, რომელიც მაშინ დორტმუნდში თამაშობდა, სატელევიზიო ინტერვიუში თქვა: „თქვენ გერმანული ფეხბურთის უდიდესი შეხვედრა ანდეთ მსაჯს, რომელიც მიკერძოებაში იყო მხილებული. ჰოდა, რას ელოდით?”. ამ ნათქვამმა გერმანიის ფეხბურთის შეფები აღაშფოთა და ინგლისელ ფეხბურთელს ჯარიმის სახით 40 000 ევრო გადაახდევინეს. სამაგიეროდ, ის დაიცვეს გულშემატკივრებმა. ცვაიერს სიკვდილითაც კი ემუქრებოდნენ.

2021 წლის დეკებმერში გერმანიის საფეხბურთო კავშირმა გამოაცხადა, რომ საკითხის საფუძვლიანად გარკვევამდე ცვაიერი „დორტმუნდის” თამაშებს აღარ იმსაჯებდა. იანვარში ცვაიერს საერთოდ შეუწყვიტეს მსაჯობის უფლება, 2022 წლის 9 თებერვალს კი თქვეს, რომ ის 22-ე ტურიდან საქმეს დაუბრუნდებოდა.

ინგლისურმა პრესამ, რომელსაც სკანდალის აგორებაში ბადალი არ ჰყვას, ინგლის-ჰოლანდიის მსაჯად ცვაიერის დანიშვნა ოცდაოთხსაათიანი ხმაურის თემად აქცია. პრესას აჰყვნენ ფანები, რომლებმაც სოციალურ ქსელებში ისტერიკა მოაწყვეს. ერთადერთი ადამიანი, ვინც თქვა, რომ მსაჯის სახელი და გვარი გუნდის თამაშზე გავლენას არ იქონიებს გახლდათ ინგლისელი მცველი ლუკ შოუ.

„ჩვენ პატივი უნდა ვცეთ უეფას თუ ვინც არის… ვინც მსაჯებს ანაწილებს. ჩვენთვის არაფერი იცვლება. ფეხბურთელებმა ყურადღება უნდა მოვიკრიბოთ თამაშის და არა მსაჯის გადაწყვეტილებების გარშემო”.