უმცროსი ბორჯღალოსნები სამშაბათს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს დაასრულებენ. 18:30-ზე სტელენბოსხის „დენი ქრეივენზე“ დაიწყება ქართველ და იტალიელ 20-წლამდელთა დაპირისპირება, რომელიც ორივე გუნდის შემდგომ ბედს გადაწყვეტს.

სხვათა შორის, გასულ ტურში ავსტრალიელების ძლევით იტალიელებმა ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელების მიზერულ იმედი კი შეინარჩუნეს, მაგრამ რეალურად მათი მთავარი ამოცანა მეხუთე-მერვე ადგილებზე დარჩენაა.

ლადო კილასონიას გუნდი კი ავსტრალიასთან და განსაკუთრებით ირლანდიასთან დასანანი მარცხის შედეგად საკმაოდ რთულ სატურნირო მდგომარეობაში აღმოჩნდა. შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ჩვენმა გუნდმა გამარჯვების შემთხვევაშიც კი ვერ შეძლოს მეხუთე-მერვე ადგილებისთვის პლეი-ოფში მოხვედრა.

ასეა თუ ისე, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ღირსეულ თამაშს აჩვენებს და ფორტუნა ოდნავ მაინც რომ სწყალობდეს, დღეს სულ სხვაგვარი სურათი იქნებოდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი მატჩიდან მატჩამდე მატულობს და იმედია, სამშაბათს იტალიას შარშანდელივით დავამარცხებთ – 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კილასონიას გუნდმა იტალიის U20 30:17 დაამარცხა.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა იტალიის U20-თან მატჩში

  1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 6. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 7. ანდრია დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (კაპიტანი, ბაიონი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 11. ოთარ მეტრეველი (აია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი).

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით ქუნთელია (პროვანსი), 19. მურთაზ ცხადაძე (არესი), 20. შოთა ხელაძე (ლელო), 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 23. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები).