პარასკევს, 5 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯელებთან შეხვედრით ზაფხულის ტესტებს გახსნის. ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი ბათუმის სტადიონზე საღამოს 8 საათზე დაიწყება და ეს იქნება ბათუმში გამართული მეორე სარაგბო დაპირისპირება იტალიასთან 2022-ის ზაფხულში ეპოქალური გამარჯვების შემდეგ.

„მფრინავი ფიჯელები“ ბორჯღალოსნებისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეებად მიიჩნევიან. 2012 წლიდან მოყოლებული ფიჯი და საქართველო ერთმანეთს 7-ჯერ დაუპირისპირდნენ და ბორჯღალოსნების გამარჯვებით ერთადერთი მატჩი დასრულდა. ერთხელ მეტოქეები ერთმანეტს დაუზავდნენ, 5 დანარჩენი მატჩი კი კუნძულელებმა მოიგეს.

ყოველივე კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის გამარჯვებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, გარდა ამისა გამარჯვება რეიტინგში დაწინაურების გარანტიასაც მოგვცემს.

რიჩარდ კოკერილმა შემადგენლობაც დაასახელა. ქართველთა ინგლისელმა დამრიგებელმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გამოცდილ ხალხს დაეყრდნო და გუნდში ერთადერთ ახალ კაცს უხმო – 22 წლის კვაჭი ლუკა პეტრიაშვილი ჯერ ნასიონალ ლიგის ბინადარ „კარკასონიდან“ ტოპ 14-ის ნახევარფინალისტ „სტად ფრანსეში“ გადავიდა, მერე კი ნაკრებში მიწვევა მიიღო და პარასკევის მაჩს მარქაფაში დაიწყებს. ყველა დანარჩენი, როგორც ითქვა, კოკერილის მიერ არაერთხელ დატესტილი ხალხია. სიახლე ისიცაა, რომ კაპიტნის სტატუსში თამაშს ბექა გორგაძე დაიწყებს. ჰო, კიდევ ერთი აღსანიშნი ისიც უნდა იყოს, რომ გუნდის მარქაფაში 6 ფორვარდია. ამ ხერხს მხოლოდ სამხრეთ აფრიკა მიმართავს ხოლმე. დანარჩენს უშუალოდ თამაში გვიჩვენებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფიჯისთან მატჩში

  1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 5 მატჩი, 0 ქულა), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 12, 15), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 7, 0), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 7, 10), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 12, 5), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანს რომანი, 7, 10), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 12, 10), 8. ბექა გორგაძე (კაპიტანი, პო, 45, 60), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი, 84, 78), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 52, 351), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 29, 63), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 57, 40), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 36, 20), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 40, 185), 15. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 19, 114).

მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე, 0, 0), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 4, 0), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, 4, 5), 19. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 16, 5), 20. ბექა საღინაძე (ლიონი, 39, 15), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 32, 25). 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი, 52, 35), 23. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი, 112, 90).