სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ფინალში ქუთაისის „ტორპედომ“ „დინამო თბილისი“ 2:1 დაამარცხა და ისოტრიაში მესამედ გახდა სუპერთასის გამარჯვებული.
ქუთაისელებმა ანგარიში მატჩის დასაწყისში ელიტონ ჟნიორის გოლით გახსნეს, მეორე ტაიმში „ტორპედო“ ნინკოვიჩმა ორი ბურთით დააწინაურა. მატჩის მიწურულს დინამოელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ მეტის გატანა ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ სუპერთასი „ტორპედოს“ დარჩა.
დღესვე ბათუმში მესამე ადგილისთვის მატჩში „ბათუმმა“ 3:2 დაამარცხა თბილისის „იბერია“. აღსანიშნავია, რომ ბათუმელთაგან დუბლი გამბიელმა ახალწვეულმა ბუბაქარ ტამბედუმ შეასრულა.
სუპერთასზე მოთამაშე ოთხეულს უახლოეს მატჩები ევროტურნირებზე გამართავს – 10 ივლისს „ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგაზე რაზგრადში ბულგარეთის ჩემპიონს, „ლუდოგორეცს“ დაუპირისპირდება (22:00), კონფერენციის ლიგაზე 11 ივლისს „დინამო თბილისი“ სტუმრად მონტენეგროში „მორნარს“ შეხვდება (22:45), ქუთაისის „ტორპედო“ კი საკუთრ მოედანზე ალბანურ „ტირანას“ უმასპინძლებს (21:00).
რაც შეეხება თბილისის „იბერიას“, ის კონფერენციის ლიგის გათამაშებაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მალტის „მარსაქლოკსა“ და ალბანურ „პარტიზანს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.