პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი მომავალი სეზონის ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩაებმება. ჩვენი ნაკრების საბაზო გუნდს ჯგუფურ ეტაპზე სამი ძველი და ორი ახალი მეტოქე ეყოლება.
„შავი ლომი“ შარშანდელივით მესამე ჯგუფში მოხვდა და შარშანდელის მსგავსად აქვე იქნებიან უელსური „სკარლეტსი“, რომელსაც ქართველებმა მოუგეს, ინგლისური „გლოსტერი“, რომელთანაც ბონუს-ქულა მოიპოვეს, და შოტლანდიური „ედინბურგი“, რომელთანაც არ უთამაშიათ. მოგეხსენებათ, თითოეული გუნდი 5 თანაჯგუფელიდან 4-ს ეთამაშება და მათი ვინაობაც უახლოეს დროს გამოვლინდება. ხსენებული სამეულის გარდა კი „შავი ლომის“ ჯგუფში კიდევ ორი ფრანგული კლუბია – „ბაიონი“ და ტოპ 14-ის დებიუტანტი „ვანი“.
ჯგუფური ეტაპის მატჩები დეკემბერ-იანვარში გაიმართება და მომდევნო ეტაპზე თითოეული ჯგუფის 4 მოწინავე გადის.
აქვე ყველა ჯგუფის შემადგენლობასაც ჩამოვწერთ:
პირველი ჯგუფი: კარდიფი (უელსი), კონახტი (ირლანდია), ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა), პერპინიანი (საფრანგეთი), ლიონი (საფრანგეთი), ძებრე (იტალია).
მეორე ჯგუფი: მონპელიე (საფრანგეთი), პო (საფრანგეთი), ნიუკასლი (ინგლისი), დრაგონსი (უელსი), ლაიონსი (სამხრეთ აფრიკა), ოსპრეიზი (უელსი).
მესამე ჯგუფი: ვანი (საფრანგეთი), შავი ლომი (საქართველო), ბაიონი (საფრანგეთი), სკარლეტსი (უელსი), ედინბურგი (შოტლანდია), გლოსტერი (ინგლისი).