Georges Mikautadze of Georgia controls the ball during the UEFA EURO 2024 round of 16 match between Spain and Georgia at Cologne Stadium on June 30,...როგორც 83 წლის წინ ლილში დაფუძნებული ჩრდილოფრანგული რეგიონული გაზეთი La Voix du Nord იტყობინება, 23 წლის ქართველი თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის შეძენა „ლანსს” სურს და ბრძოლაში, რომელიც მის ხელში ჩასაგდებად წამოიწყო „მონაკოს” უსწრებს.

შემდეგ გაზეთი წერს, რომ მიქაუტაძე ის ფეხბურთელია, რომელიც შარშან „მეციდან” „აიაქსში” გადავიდა, მაგრამ იქ საქმე არ აეწყო და ისევ ფრანგულ კლუბს დაუბრუნდა. გიორგის ცოტა დააკლდა და „მეცს” ლიგა ერთიდან გავარდნას გადაარჩენდა.

„მეცი” უმაღლეს ლიგას გამოემშვიდობა, მაგრმა კლუბმა მაინც გაააქტიურა „აიაქსთან” გაფორმებული ხელშეკრულების ის პუნქტი, რომელიც მიქაუტაძის გამოსყიდვის საშუალებას აძლევდა და ფორვარდი 13 მილიონ ევროდ დაიბრუნა. თუმცა, ჟორჟი „მეცში” არ დარჩება. ევრო 2024-ის წინ მან თქვა, რომ ლიგა ერთში სურს კარიერის გაგრძელება. რასაკვირველია, მიქაუტაძის შეძენით დაინტერესებული კლუბები იმთავითვე არსებობდნენ, მაგრამ ფორვარდის გამოსვლამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე, მის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა.

„ახლა მთელი ევროპისთვის ცნობილი გავხდი. აქ ჩემს უნარებს წარმოვაჩენ, რაც ძალიან მახარებს. შვებულების შემდეგ კი ვნახოთ რა მოხდება. ჯერჯერობით არაფერი გადამიწყვეტია”, — ამბობდა ის ესპანეთთან მერვედფინალური თამაშის წინ.

La Voix du Nord წერს, რომ აქამდე მიქაუტაძის გადაბირებასთან ყველაზე ახლოს „მონაკო” ეგონათ, მაგრამ ბოლო დღეებში მას „ლანსმა” გადაასწრო. „ლანსი” საფრანგეთის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზე გავიდა და კონფერენციის ლიგაში მიიღებს მონაწილეობას.