სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და ხუთშაბათს ახალგაზრდა მორაგბეები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩებს გამართავენ.

ლადო კილასონიას მიერ გაწვრთნილი უმცროსი ბორჯღალოსნები სტელენბოსხის „დენიელ ქრეივენ სთედიუმზე“ ირლანდიის 20-წლამდელებს დაუპირისპირდებიან. 20-წლამდელთა ბოლო ექვსი ერის ვიცე-ჩემპიონებმა ტურნირი რიხიანად დაიწყეს – იტალიელ თანატოლებს 55:15 მოუგეს. ქართველებმა კი წარმატებით ავსტრალიელებთან სასტარტო მატჩის მხოლოდ პირველი ნახევარი გამართეს (8:6), მეორე ნახევარი კი პირწმინდად დათმეს – 11:35.

ამდენად, ქართველები მეორე ტურში რეაბილიტაციას აპირებენ, მით უმეტეს, რომ ამ 20-წლამდელთა ექვსი ერის ჩემპიონი ინგლისი ამასწინანდელ ტესტ-მატჩში დიდი ანგარიშით დაამარცხეს, თანაც საკუთრივ ირლანდიელების კომპლექსიც არ უნდა ჰქონდეთ – 2018-ში წინა თაობის 20-წლამდელებს ირლანდია უკვე დაუმარცხებიათ და გელა აფრასიძის ულამაზესი, სუპერლელო ირლანდიაში დღესაც ძაღლის ნაკბენივით ახსოვთ.

მაშ ასე: 4 ივლისს, 16 საათზე საქართველოს 20-წლამდელი მორაგბეები ირლანდიელ თანატოლებს შეერკინებიან.

ლადო კილასონიას სამწვრთნელო შტაბმა შემდეგი 23-ეული შეარჩია

  1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 5. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 6. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (კაპიტანი, ბაიონი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო),10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 14. ლუკა ხორბალაძე (ლიონი), 15. ოთარ მეტრეველი (აია).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო)17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით ქუნთელია (პროვანსი), 19. მურთაზ ცხადაძე (არესი), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო).