საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპი ლატვიასთან გამანადგურებელი მარცხით დაიწყო. ალეკსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი 55:83 დამარცხდა.
ჩვენს გუნდს კაპიტანი თორნიკე შენგელია აკლდა, მაგრამ რთული სათქმელია რა იქნებოდა მასთან ერთად, რადგან შეტევაში ფაქტობრივად არაფერი გამოგვდიოდა, რაზეც ჩვენი მწირი ქულების რაოდენობაც მეტყველებს.
ვერაფერს ვუხერხებდით მეტოქეს პერიმერტზე და ბალტიისპირელებმა 12 სამქულიანი ჩაგვიგდეს, მაშინ როდესაც ჩვენ მხოლოდ ოთხჯერ ვიხეირეთ; 46%-ით ვისროლეთ ორქულიანები, რაც ასევე ცუდი მაჩვენებელია; წავაგეთ ფარიც; ბევრი გვქონდა დაკარგვა, ხოლო პასი მეტოქეზე ორჯერ ნაკლები.
თუმცა, მთავარი სათქმელი ჩვენი ამერიკელი ლეგიონერია, ვინაც 30 წუთში მხოლოდ ოთხი ქულა და ორი პასი მიითვალა.
ქართველთაგან 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ სანდრო მამუკელაშვილი გადასცდა – 14.
პირველ მეოთხედში ქულებს ვერ ვაგროვებდით, მაგრამ ამის საშუალებას არც მეტოქეს ვაძლევდით და 13:17 დავთმეთ, მაგრამ მეორე მეოთხედი (11:28) პირწმინდად ჩავაგდეთ და მატჩიც აქ მორჩა…
დარჩენილი დრო უბრალოდ ფორმალობად გადაიქცა. ახლა საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად უნდა დაამარცხოს ფილიპინების ნაკრები, რათა ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი დაიტოვოს. აზიელებთან მატჩი 4 ივლისს გაიმართება.