ბელგიის ნაკრებმა საფრანგეთთან 0:1 წააგო და ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალში გამოეთიშა. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ბელგიელთა კაპიტანმა კევინ დე ბრუინმა შეურაცხყოფად მიიღო კითხვა „ოქროს თაობის” წარუმატებლობის შესახებ. მან გაბრაზებულმა დატოვა ოთახი. კითხვა კი ასეთი იყო:

Kevin De Bruyne of Belgium looks dejected after the UEFA EURO 2024 round of 16 match between France and Belgium at Düsseldorf Arena on July 1, 2024...– როგორი განცდაა, რომ თქვენი „ოქროს თაობა” ერთხელაც ვერ გავიდა ფინალში?

– ანუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ საფრანგეთს, ინგლისს და ესპანეთს „ოქროს თაობა” არ ჰყავთ? კარგი. მადლობა, – უპასუხა „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა და განაწყენებული გავიდა, თან ჩაილაპარაკა: „სულელი”.

ჟურნალისტი, რომელმაც ხსენებული კითხვა დასვა გახლდათ იტალიელი ტანკრედი პალმერი. მან გაიგო რაც ჩაილაპარაკა ფეხბურთელმა და შეიძახა: „აჰა, მან ამწუთას სულელი მიწოდა. ჰეი, კევინ, მოდი პატარა ინფორმაციას მოგაწოდებ. საფრანგეთიც, ინგლისიც, გერმანიაცა და ესპანეთიც ფინალში ნამყოფები არიან! აი, ტიპიური ფეხბურთელი. მას უნდა მოისმინოს მხოლოდ ის კითხვები, სადაც ლაპარაკი იქნება თუ რა დიდებულია თავად. გათავხედებული ბავშვი”.

ბელგიელთა „ოქროს თაობას” უწოდებდნენ მოთამაშეთა ჯგუფს, რომლებსაც 2016-22 წლებში რობერტო მარტინესი ედგა სათავეში. მასში შედიოდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ ვინსენტ კომპანი, ტობი ალდერვეირელდი, ედენ აზარი, დრეს მერტენსი, იან ვერტონგენი, რომელუ ლუკაკუ, ალექს ვისტელი, იანიკ კარასკო და რასაკვირველია თავად დე ბრუინი.

ბელგიის ნაკრების ყველაზე დიდი მიღწევა გახლდათ მესამე ადგილი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე. იმ წელიწადს გუნდი ფიფას რეიტინგში პირველ ადგილზეც იყო. სამი წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ბელგია მეოთხედფინალიდან გავარდა, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ჯგუფში ჩარჩა.

დე ბრუინმა ექვს დიდ შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სანაკრებო ჯილდო ერთხელაც ვერ მოიპოვა. მას ეროვნულ გუნდში 104 შეხვედრაში 28 გოლი აქვს გატანილი.

„დღეს ადრეა პასუხი კითხვაზე, ვაპირებ თუ არა ნაკრებში თამაშისთვის თავის დანებებას. ნება მომეცით ჯერ ეს მარცხი გადავიტანო. მერე აუცილებლად უნდა დავასვენო სხეული. გადაწყვეტილებას ზაფხულის შემდეგ მივიღებ”, — თქვა ბელგიელმა, რომელიც ევრო 2024-ზე კიდევ ერთ შარში გაეხვა, როდესაც თანაგუნდელებს უკრაინასთან 0:0-ის შემდეგ მოუწოდა გულშემატკივრების უკმაყოფილება ცალ ყურში შეეშვათ და მეორედან გამოეშვათ.