ინგლისი სლოვაკეთთან 0:1-ს აგებდა, თამაში მთავრდებოდა, გარეთ საუთგეიტის ამბიციური გუნდი კი გავარდნის პირას იყო, როდესაც „რეალის” ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმა მაკრატელა დარტყმით გაქვითა ანგარიში და მერვედფინალური დაპირისპირება დამატებით დროში გადაიყვანა.

„ამას მეტი ვინ იზამდა?!” — იღრიალა ბელინგემმა და მსოფლიო ფეხბურთს მესიჯი გაუგზავნა: მაცადეთ, ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინო.

ზოგადად ვარსკვლავს უბრალოდ კარგი ფეხბურთელისგან გადამწყვეტ მომენტში თავის გამოჩენის უნარი გამოარჩევს. მას მერე, რაც ბელინგემმა ინგლისი გავარდნისგან იხსნა, სოციალური ქსელები პოსტებმა და კომენტარებმა წალეკა. მართალია, ეს გოლი მისთვის მიმდინარე ევროზე მხოლოდ მეორე იყო, მაგრამ იმდენად საჭირო და ეფექტური გამოვიდა, რომ „ოქროს ბურთის” კანდიდატს უეჭველად შემატა ქულები. მის ზეიმს „ბაიერნის” ვარსკვლავი ჰარი კეინი შეუერთდა და ცოტა ხანში, როდესაც დამატებითი დრო დაინიშნა, სლოვაკთა კარში საბედისწერო გოლი სწორედ მან გაიტანა.

„თქვენზე რომ იყოს, ვის მისცემდით „ოქროს ბურთს?” — იკითხა თავის გვერდზე არცთუ შორეულ წარსულში ცნობილმა არგენტინელმა ვარსკვლავმა კუნ აგუერომ და კანდიდატებს – მბაპეს, ვინისიუსს, ბელიგემს – ლეო მესიც მიაწერა. მესი მოგეხსენებათ, არგენტინის ნაკრებთან ერთად ამ დღეებში „კოპა ამერიკაზე” გამოდის. იმ ხალხმა, ვინც აგუეროს გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა, 43.2 პროცენტით მესის გაამარჯვებინა. 30.7% მიიღო ვინისიუსმა.

ამასობაში კი ბელინგემმა მატჩის შემდეგ ITV Sport-თან კომენტარში თქვა: „კარგად ვიცი, თუ რა შემიძლია გავაკეთო გადამწყვეტ მომენტებში. ხალხმა რაც უნდა ის ილაპარაკოს, მაგრამ მე ეს გასულ სეზონში ბევრჯერ გავაკეთე მადრიდში, არაერთხელ გამიკეთებია ინგლისის ნაკრებში და ახლაც ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე”.