საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო. ახალგაზრდა „ვოლაბებმა“ (კენგურუს ნაირსახეობა და ავსტრალიის ნაკრების თიკუნი – ავტ.) ქართველებთან უდისციპლიონობის გამო წაგებული პირველი ტაიმის სამაგიერო პატარა ბორჯღალოსნებს მეორე ნახევარში სრულად გადაუხადეს – 6:8-ის შემდეგ საბოლოოდ 35:11 იმარჯვეს.

მგეზავთა ავსტრალიურ-ქართული დუელიც არ შედგა – ჰარი მაკლაფლინ-ფილიპსმა ლუკა ცირეკიძეს ულაპარაკოდ აჯობა. ქერათმიან 10 ნომერთაგან თამაშზე გაცილებით დიდი გავლენა ავსტრალიელს ჰქონდა, ვიდრე ქართველს და უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი პრობლემაც სწორედ თამაშის მართვა გახლდათ.

გამოჩნდა, რომ ლადო კილასონიას რაზმs ახალგაზრდა „ვოლაბებმა“ სისწრაფეში და შეტევების ორგანიზებაში აჯობა. რაქებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, იმდენად დიდი იყო ავსტრალიელთა უპირატესობა.

ჯგუფური ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 4 ივლისს სტელენბოსხის „დენი ქრეივენზე“ გამართავს და მისი მეტოქე ირლანდიიის ახალგაზრდული გუნდი იქნება, რომელმაც ტურნირის სტარტზე იტალიელი 20-წლამდელები 40-ქულიანი უპირატესობით – 55:15 გაანადგურა.

პირველ პულში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა საფრანგეთმა ელიტის დებიუტანტ ესპანეთს დაუძაბავად აჯობა – 49:12, ხოლო ახალზელანდიელებმა უელსს დიდ ბრძოლაში 41:34 მოუგეს და „დრაკონებს“ 2 ბონუს-ქულა ააღებინეს.

მესამე კვარტეტშიც სენსაციების გარეშე ითამაშეს – ინგლისმა არგენტინას 40:21 მოუგო, ხოლო სამხრეთ აფრიკამ ფიჯისთან ტურის უდიდესი სხვაობა დააფიქსირა – 57:7 იმარჯვა.