დანიის ნაკრების მწვრთნელი კასპერ ჰიულმანდი ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში მსაჯობით სასტიკად უკმაყოფილო დარჩა. ის აღაშფოთა VAR-ის ორმა გადაწყვეტილებამ რომლებიც მეტოქის, გერმანიის ეროვნული გუნდის სასარგებლო გამოდგა. ჰიულმანდმა თქვა:

„იძულებული ვარ გერმანელებს მივულოცო, მაგრამ შედეგი VAR-ის ორმა გადაწყვეტილებამ განაპირობა. გამოსახულება ტელეფონში მაქვს. ჩვენი გოლი სანტიმეტრიანი ოფსაიდის გამო გააუქმეს. ზოგადად VAR-ის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მისი მუშაობის პრონციპი სასწრაფოდ დახვეწას მოითხოვს. ჩემი რწმენით გადაწყვეტილებები უნდა იყოს მკაფიო და არა ისეთი, როგორიც დღეს ვიხილეთ”.

შემდეგ დანიელთა თავკაცმა მეორე ეპიზოდზეც გაამახვილა ყურადღება, როდესაც გერმანელთა სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. მან თქვა: „ყელში ამომივიდა ეს სასაცილო წესი. ბოლოს და ბოლოს მცველებს ზურგსუკან შემოწყობილი ხელებით სირბილს ხომ არ ვაიძულებთ. ასეთი რაღაცები საშინლად მიცრუებს გულს. ფეხბურთში მსგავსი რამ არ უნდა იყოს”.

სამართლიანობისთვის აღსანიშნავია, რომ ჰიულმანდი თვითკრიტიკულიც გახლდათ: „ბოლო წლებში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ დიდ გუნდებთან ახლოს ვართ, მაგრამ არის ერთი რამ, რაც გვაკლია: მეტი სახიფათო მომენტი უნდა შევქმნათ და შესაბამისად მეტიც გავიტანოთ. ჩვენ დიდი ამბიცია გვაქვს. მიგვაჩნია, რომ დიდი გუნდების ტოლად უნდა ვთამაშობდეთ. ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ, რომ კიდევ უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები აღვზარდოთ. ხან გავდივართ ნახევარფინალში, ხან ვერ გავდივართ. გვინდა ისეთივე დონეზე ვიყოთ, როგორზეც ხორვატები იყვნენ ბოლო მათთვის არაჩვეულებრივ წლებში”.

გერმანიისა და დანიის მატჩი დასრულდა ტურნირის მასპინძელთა სასარგებლოდ – 2:0. ანგარიში 53-ე წუთზე კაი ჰავერცმა პენალტით გახსნა, 68-ე წუთზე კი ჯამალ მუსიალამ მეორე გოლიც შეაგდო. პირველ ტაიმში დიდი წვიმის გამო თამაში 10 წუთით შეწყდა.