საკალათბურთო გუნდი „ქუთაისი 2010“ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას ეცდება. რამდენად გამოუვა ეს ყველაფერი კოტე ტუღუშის გაწვრთნილ გუნდს, ამას საკვალიფიკაციო ეტაპი გვიჩვენებს, რომელსაც საქართველოს ჩემპიონი მეოთხედფინალიდან იწყებს. პირველ მეტოქედ კი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულმა წილისყრამ ქუთაისელებს მეტოქედ სლოვაკეთის „ლევიცე” არგუნა.
მატჩს 15 სექტემბერს საქართველო უმასპინძლებს. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში რიონისპირელების მეტოქე ნახევარფინალში ესტონური „კალევი“ იქნება.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ფინალში გამარჯვებული იასპარეზებს.
საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლობის შემთხვევაში კი იმერული კლუბი ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლებს.
ზედიზედ მეორედ ხდება, რომ ქართული კლუბი ევროთასზე ითამაშებს. გასულ წელს ეს თსუ-მ შეძლო. სტუდენტები პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბენფიკასთან“ დამარცხდნენ, შემდეგ ფიბა-ევროპის თასზე ჯგუფში გადაინაცვლეს, სადაც ექვსი მატჩიდან ერთი მოიგეს.