Khvicha Kvaratskhelia of Georgia celebrates victory with teammate Zuriko Davitashvili after defeating Portugal and qualifying for the Knock-Out...აურელიო დე ლაურენტისისთვის სულერთია როგორ იმოქმედებს მისი სიტყვები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასულ ფეხბურთელზე ესპანელებთან თამაშის წინ. „ნაპოლის” პრეზიდენტისთვის მთავარი თავისი ინტერესებია, რომელთა უფრო მკაფიოდ და როყიოდ გამოხატვა, ვიდრე ეს „რადიო მარტეს” ჟურნალისტმა პასკუალე ტინამ გააკეთა, შეუძლებელია.

„პრეზიდენტმა ქართველს წელიწადში 4.5 მილიონი ევრო პლუს ბონუსები შესთავაზა და დასძინა: ის ან დათანხმდება ხელფასის გაოთხმაგებას ან 1.2 მილიონზე დარჩება „ნაპოლიში”, — თქვა ტინამ და დასძინა, რომ დე ლაურენტისი მთელ თავის ამალასთან — ჯოვანი მანასთან, ანდრეა კიაველისთან, ადვოკატ მატია გრასანისა და აგენტ კრისტიან ძაკარდოსთან ერთად გერმანიაში ჩაფრინდა, სადაც ფეხბურთელსა და მის გარემოცვას უნდა შეხვედროდა.

რადიო Kiss Kiss Napoli კი თავის მხრივ უკვე შეხვედრის შედეგებზე წერს. ჟურნალისტმა ვალტერ დი მაჯომ თქვა, რომ ლაპარაკმა ორ საათზე მეტხანს გასტანა. წყაროს თანახმად საუბარი ყოფილა გულთბილი, რომლის დროსაც სეფე სიტყვა დე ლაურენტისს უთქვამს. მან თურმე ხვიჩას ასე მიმართა: „მე ველაპარაკე ანტონიო კონტეს (ნაპოლის ახალ მწვრთნელს), რომელმაც მითხრა, რომ შენ პროექტის ცენტრში იქნები. ახალი „ნაპოლი” შენ გარშემო აიგება”. ამ სიტყვების მოსმენა და კვარას გაღიმება ერთი იყოო, თქვა დი მაჯომ.

ტინამ  კი თავის გადაცემაში ასე განმარტა: „ნაპოლიმ” კვარაცხელიას მკაფიოდ უთხრა ორი რამ. პირველი, სულერთია ვინ მოინდომებს მის შეძენას, ის მაინც „ნაპოლიში” დარჩება და მეორე, მას ხელფასს მოუმატებენ, ოღონდ ისე, რომ მის რეალურ სატრანსფერო ღირებულებასთან იქნება შესაბამისობაში. როგორც ჩანს ბონუსებთან ერთად კვარაცხელია წელიწადში 4.8 მილიონს მიიღებს, თუმცა ძირი ანუ მოჭრილი ხელფასი 4.5 მილიონი დაენიშნება.

დი მაჯომ, რომელიც ეტყობა მოლაპარაკებეთან დაკავშირებით ყველაზე მეტად არის ინფორმირებული, კიდევ ერთი, მართალია ცოტა გაუგებრი, მაგრამ სასეირო დეტალი გაამხილა: „შუა მოლაპარაკებების დროს ოთახში შევიდა მავანი ქართველი ბარიტონი, რომელმაც დაიწყო სიმღერა, მათ შორის იტალიურად. ამან ყველა გააცინა, მდგომარეობა განმუხტა და მხარეების დაახლოების თვალსაზრისით დიდი როლი ითამაშა”.

ხოლო იმაზე, თუ რამდენად სასარგებლო იყო ქართველი ვარსკვლავისთვის ასეთი შეხვედრა და ემოციური გადატვირთვა მაინცდამაინც ესპანეთის ნაკრებთან მერვედფინალური მატჩის წინ, იტალიური მხარე ცხადია არ დარდობს.