შაბათს, 29 ივნისს საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები მორიგ მსოფლიო ჩემპიონატში ჩაებმება. 18:30-ზე დაიწყება მატჩი იმცროს ბორჯღალოსანთა და ავსტრალიის 20-წლამდელთა ნაკრებს შორის.

ქართველი 20-წლამდელები მეექვსედ მიიღებენ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში და მათი უმაღლესი მიღწევა შარშანდელი მე-8 ადგილია. წლევანდელი პირველი მეტოქე ავსტრალია იმ იშვიათ გუნდთაგანია, რომელსაც ქართველები დღემდე არასდროს შეხვედრიან. ამდენად, მეტოქეები ერთმანეთს ნაკლებად იცნობენ, თუმცა როგორც ქართულ, ისე ავსტრალიურ გუნდში რამდენიმე ისეთი მორაგბეა, ვისაც ზრდასრულ პროფესიონალთა ტურნირებში უთამაშიათ.

ამ მხრივ ორივე გუნდის მგეზავები არიან გამოსაყოფები. „ვოლაბების“ ამომავალ ვარსკვლავად მიჩნეულ ჰარი მაკლაფლინს სუპერ რაგბის გამოცდილება უმაგრებს ზურგს – 20 წლის მგეზავი „რედსის“ წევრია და გასულ ჩემპიონატში ბლომადაც უთამაშია.

ჩვენს გუნდში კი ახალგამომცხვარი მგეზავია – ლუკა ცირეკიძე, ვისაც აქამდე ამ პოზიციაზე მხოლოდ ინგლისთან ამასწინათ მოგებულ ტესტ-მატჩში უთამაშია. ლუკა 20-წლამდელებშიც და „შავ ლომშიც“ ან ფულბექად ირჯებოდა, ან გარემარბად. გამოცდილება მასაც უკვე სოლიდური აქვს – ეროვნულ ნაკრებთან ერთად მუდმივი ვარჯიში და ჩელენჯ თასზე „შავი ლომის“ შემადგენლობაში ძალიან სოლიდური ევროპული კლუბების წინააღმდეგ თამაში ცოტას არ ნიიშნავს.

ავსტრალიელთა შორის კიდევ არიან სუპერ რაგბში ნათამაშები ბიჭები, ჩვენთან – ტოპ 14-ისა და სხვა ტურნირების გამოცდილებისანი, თუმცა, თამაშის მთავარი ინტრიგა მაკლაფლინისა და ცირეკიძის დუელი იქნება.

ისიც უნდა ითქვას, რომ ლადო კილასონიას მიერ სამატჩოდ შერჩეულ 23 კაცში 7 ისეთია, ვისაც შარშანდელ ტრიუმში ურევია ხელი. მათ შორისაა კაპიტანი 8 ნომერი ნიკა ლომიძეც. მთლიანობაში ნაკრების შემადგენლობა ძალიან დაბალანსებულია – შერკინებაც ტრადიციულად კარგია და ხაზიც მეტად აგრესიული და დაოსტატებული.

თამაში შაბათს სამხრეთაფრიკულ ქეიფთაუნში 18:30-ზე დაიწყება, ჩვენს ნაკრებს კი ავსტრალიელების გარდა ჯგუფში კიდევ ირლანდია და იტალიაც ჰყავს. უმცროს ბორჯღალოსნებს ორივეს დამარცხების გამოცდილება უკვე აქვთ…

საქართველოს 20-წლამდელთა სარაგბო ნაკრების შემადგენლობა ავსტრალიასთან მატჩში:

  1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. მურთაზ ცხადაძე (არესი), 6. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (კაპიტანი, ბაიონი), 9. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 11. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 14. ლუკა ხორბალაძე (ლიონი), 15. ოთარ მეტრეველი (აია).

მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), 19. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო).