გავლენიანმა ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა „მარკამ” საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას” მეკარეს გიორგი მამარდაშვილს წერილი მიუძღვნა. გთავაზობთ ამონარიდებს:
„კი მაგრამ ქართველი მეკარით სად გინდა წახვიდე?”, — ეკითხებოდნენ აგენტ ანტონიო ლოპესს, როდესაც მან 2021 წელს კლუბებისთვის გიორგი მამარდაშვილის (თბილისი, 2000) შეთავაზება დაიწყო. დღეს კი „ვალენსიას” მეკარე ევროპის ჩემპიონატის სენსაცია და ის კედელია, რომლის განგრევაც მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს მოუწევს. ეს რომ ასეა, მშრალი სტატისტიკა ადასტურებს: მამარდაშვილმა 21 დარტყმა მოიგერია და მნიშვნელოვნად უსწრებს ნიცასა (რუმინეთი) და სტრაკოშას (ალბანეთი), რომელთაც 13 დარტყმა მოიგერიეს. ამასვე ადასტურებს „სველი” სტატისტიკაც, რომელიც გვეუბნება, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო გოლი მას მერე, რაც თავდამსხმელმა ბურთი კარში დაარტყა ( PSxG ). მის თანახმად მამარდაშვილმა სამ შეხვედრაში 3.5 „ნაღდი გოლი” არ გაუშვა და ამ მაჩვენებლითაც ყველას აღემატება.
ყოფილი მეკარისა და საშუალო დონის კლუბ „გაგრას” მეკარეთა მწვრთნელის დავით მამარდაშვილის ვაჟმა სამი წლის წინ გარისკა, როდესაც ესპანეთში გადაბარგება მოინდომა, თუმცა ამან საბოლოოდ მის კარიერაზე ჩინებულად იმოქმედა. ქართველი გოლიათი (1.97სმ, 90კგ) „ვალენსიას” სარეზერვო გუნდთან – ესპანეთის მესამე ლიგა – კონტრაქტის გაფორმებას დაყაბულდა. ეს 2021 წლის ივნისში მოხდა, როდესაც ის ფაქტობრივად უკვე თავისი ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო და ევროპის ლიგის სამ ეტაპში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. სწორედ ამ სამიდან ერთი გახლდათ დაპირისპირება „გრანადასთან” და შუამავალი მაშინ დარწმუნდა, რომ მის ესპანეთში გადაყვანას შეძლებს…
…„ვალენსიამ” მეკარის იჯარაში 50 000 ევრო გადაიხადა, ოღონდ დაიტოვა მისი 800 000 ევროდ ყიდვის შესაძლებლობა (რაც დიდი გადაჭარბება გახლდათ, რადგან საწყისი ფასი 300 000 იყო) და გამოაცხადა, რომ ის მეორე გუნდის გაძლიერებისთვის სჭირდება, მაგრამ მამარდაშვილს ანგულოს ხელმძღვანელობით ვარჯიშმა არ მოუწია. საქართველოს ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ის ხოსე ბორდალასის გუნდს სეზონისწინა ბანაკში შეუერთდა და ჯასპერ სილესენისა და ჯაუმე დომენეკის ტრავმების გამო პირველივე ამხანაგურ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. ის შეხვედრა მამარდაშვილმა შესანიშნავად ჩაატარა, რის მერეც მეკარეთა მწვრთნელმა ხოსე მანუელ ოჩოტორენამ თქვა: „ის პირველი დივიზიონის მეკარეა, უბრალოდ გაშალაშინება სჭირდება”…
…ევროპის ჩემპიონატზე მამარდაშვილმა ერთ შეხვედრაში გოლი საერთოდ არ გაუშვა (პორტუგალიასთან), ჩეხეთთან შეხვედრაში კი მატჩის MVP-დ დაასახელეს (ერთ მატჩში 11 დარტყმის მოგერიების გამო). ახლა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ მატჩში ყველაზე მეტი დარტყმა მოგერიებული აქვთ ლატვიელ ალექსანდრს კოლინკოს (12 დარტყმა 2004 წელს), იტალიელ ფრანჩესკო ტოლდოს (11 დარტყმა 2000 წელს), ირლანდიელ შეი გივენს (11 დარტყმა 2012 წელს) და გიორგი მამარდაშვილს”.
წერილის ბოლოს ავტორი ქართველი მეკარის ფასზე ლაპარაკობს. იხსენებს, რომ გასულ სეზონში ის „ბაიერნმა” 35 მილიონად არ იყიდა, რადგან თანხა ეძვირა. დღეს ვალენსიელთა სინგაპურელი მეპატრონე პიტერ ლიმი მამარდაშვილის სანაცვლოდ უკვე 40 მილიონს ითხოვს და ევროპის ჩემპიონატის შემყურე ხელებს იფშვნეტს, მაზანდა კიდევ უფრო რომ აწიოს.
„მანამდე კი გიორგი მამარდაშვილი ისტორიას ქმნის თავისი ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობა 4 მილიონიც კი არ არის”, — წერია სტატიაში.