Kobbie Mainoo and Gareth Southgate England coach during the UEFA EURO 2024 group stage match between England and Slovenia at Cologne Stadium on June...ქვემოთ გთავაზობთ ფრაგმენტს ესპანური AS-ის სტატიიდან, რომელშიც მეტწინად ინგლისის და სლოვენიის ნაკრებთა შეხვედრაა განხილული. რასაკვირველია, შეიძლებოდა ინგლისური პრესის მიმოხილვაც, მაგრამ ამჯერად საინტერესოდ მივიჩნიეთ გვენახა, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა ერთი ტოპ-ქვეყნის ნაკრების თამაშმა მისი კონკურენტი ქვეყნის მედიაზე. მიმოხილვის ავტორია პაბლო მონტანო:

„სამწუხაროდ, იგივე განმეორდა”, — თქვა ვეტერანმა ჯეიმი კარაგერმა კორექტულად. ინგლისის ნაკრებმა სლოვენიასთან 0:0 ითამაშა, C ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და მერვედფინალში მოხვდა, მაგრამ თუკი გუნდს თავად ინგლისელი ქომაგები უსტვენდნენ, მისი მორიგი უსახური თამაშის შემყურე ნეიტრალური მაყურებლები რაღას იფიქრებდნენ? უკვე ზედიზედ სამი თამაშია რაც ინგლისის ნაკრები ვერ ბრწყინავს, არ თამაშობს, არაფრით გამოირჩევა. ის არის აბსოლუტური არაფერი. გარეთ საუთგეიტმა თავის შეგირდებს კვლავ ვერ უპოვა გასაღები. ყველაზე უადგილოდ კი ჯუდ ბელინგემი ჩანს.

სლოვენიას „სამი ლომის” დასაბმელად, ისტორიული მესამე ადგილის მოსაპოვებლად და ბოლო ადგილზე სერბეთის ჩასატოვებლად უბრალოდ კარგი დაცვითი ფეხბურთიც ეყო — განსაკუთრებული არაფერი უქნია. სწორედ ამით აიხსნება საფინალო სასტვენის შემდეგ სლოვენთა ენერგიული ზეიმი. ინგლისელთაგან კი კიოლნში ვიხილეთ „რაღაც” ფილ ფოდენის შესრულებით, ნაკრების ოდნავ უკეთესი ვარიანტი კობი მაინოს ხელშეწყობით და კოულ პალმერის დებიუტი ევროზე, რასაც გულშემატკივრები ითხოვდნენ და ელოდნენ. აღსანიშნავია, რომ მარტო პალმერმა უფრო მეტი ხიფათი შექმნა, ვიდრე მისმა ყველა თანაგუნდელმა ერთად. და მაინც ინგლისის ნაკრებმა ისევ გაგვიცრუა იმედი.

ახლა, გარეთ საუთგეიტის გუნდი მერვედფინალის მეტოქეს ელის, ჰორიზონტზე კი იტალიისა და შვეიცარიის თამაში მოჩანს. ეს წყვილი ფლეი-ოფის „იოლ” შტოზე მოხვდა, თუმცა ფინალში გასასვლელად ორივეს თამაშის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება მოუწევს.