კვირას, 23 ივნისს, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში, უნგრეთის ნაკრებმა მე-100 წუთზე კევინ ჩობოტის ერთადერთი გოლის წყალობით შოტლანდია დაამარცხა. მარკო როსის გუნდს ამ გამარჯვებამ 1/8 ფინალში გასვლის შანსები შეუნარჩუნა: A ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა სამი ქულით და შეუძლია ფლეი-ოფში გასვლა, თუ სხვა ჯგუფებიდან მინიმუმ ორი მესამე ადგილის მქონე გუნდი ჯგუფურ ეტაპს უარესი შედეგით დაასრულებს.

მატჩში არანაკლებ მნიშვნელოვანი ეპიზოდი 68-ე წუთზე მოხდა, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. უნგრეთის ნახევარმცველმა დომინიკ სობოსლაიმ საჯარიმო მოედნის ცენტრში ჩაჰკიდა ბურთი სადაც მისი თანაგუნდელი ბარნაბაშ ვარგა და შოტლანდიელთა მეკარე ანგუს განი ერთმანეთს შეეჯახნენ. უნგრელმა ფორვარდმა თავში დარტყმა მიიღო, დაეცა და თავისით ადგომა ვეღარ შეძლო.

მაშინვე ვარგას თანაგუნდელებმა მასთან მიირბინეს და სასწრაფოდ გამოიძახეს სამედიცინო ჯგუფი მოედანზე. დახმარების გაწევის დროს უნგრელი უცხო ადამიანებისგან საბნებით დაფარეს. შემდეგ მინდორზე საკაცეც გამოჩნდა. რაღაც მომენტში მათთან უნგრეთის ნაკრების კაპიტანი სობოსლაი მივიდა და საკაცე აიღო, პროცესის დაჩქარებას ცდილობდა…

შედეგად ვარგა მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, მის ნაცვლად კი მინდორზე მარტინ ადამი გავიდა. მატჩი თითქმის ათი წუთით შეწყდა.

ეს ეპიზოდი წინა ევროპის ჩემპიონატის მოვლენებს მოგაგონებდათ, როცა დანიისა და ფინეთის მატჩში დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი მოულოდნელად გაზონზე დაეცა, არავისთან შეხების გარეშე. მატჩი რამდენიმე საათით შეწყდა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ფეხბურთელს გული გაუჩერდა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ერიკსენი ამჟამადაც ევროზეა და პირველი ტურის მატჩში სლოვენიას გოლიც გაუტანა.

რაც შეეხება ვარგას, პაუზის დროს მსაჯთა გუნდმა ფაკუნდო ტელოს მეთაურობით მომენტი განიხილა, მაგრამ პენალტის დანიშვნის საფუძველი ვერ დაინახა.

არბიტრმა მატჩის ძირითად დროს ათი წუთი დაუმატა, რომელიც უნგრელებისთვის იღბლიანი გამოდგა, ჩობოტმა სწორედ ამ დროს გაიტანა გამარჯვების გოლი.

ფინალური სასტვენისთანავე უნგრელმა ფეხბურთელებმა ვარგას მაისურა აიღეს და  გულშემატკივრებს წარმოუდგინეს, რითაც მხარი დაუჭირეს შეჯახების შედეგად დაშავებულ პარტნიორს.

თამაშის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ვარგა გონზე მოვიდა და შტუტგარტის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.