იტალიურ საიტებზე ბოლო ინფორმაცია ასეთია: „პარი სენ ჟერმენი” არ ცხრება. ფრანგული კლუბი ჯიუტად ცდილობს ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას. „სქაი სპორტის” ცნობით კი პსჟ ფეხბურთელის აგენტთან არის შეთანხმებული და მისგან პირობა აქვს მიღებული, რომ უკან არ დაიხევს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს სულ რამდენიმე დღეში დატოვებსო, დარწმუნებულია areanapoli, რომელიც წერს რომ ამის შემდეგ მამუკა ჯუღელი „ნაპოლის” ხელმძღვანელობას შეხვდება და მართალია ჯერ კონტრაქტის განახლების მათ ვარიანტს მოისმენს, მაგრამ შემდეგ შეეცდება თავისი გაიტანოს და კლიენტი გადაიყვანოს ისეთ კლუბში, რომელიც მომავალ სეზონში ჩემპიოთა ლიგაში გამოვა.
დღეისათვის აურელიო დე ლაურენტისის პოზიცია უცვლელია: ის თავისი გუნდის სამოცდამეჩვიდმეტე ნომრის გაშვებას არ აპირებს. მეორე მხრივ ამბობენ, რომ პსჟ „ნაპოლის” ახლა უკვე 100 მილიონ ევროს შესთავაზებს.
სიტუაცია გაურკვეველია. დარჩება თუ არა „რუბინისა” და ბათუმის „დინამოს” ყოფილი ვარსკვლავი კამპანიის დედაქალაქში, არავინ იცის. „პარტენოპეელთა” ახალი მწვრთნელის ანტონიო კონტეს ნება რომ იყოს, კვარაცხელია ვერსად გადავიდოდა. რამდენი ხანი გაუძლებს დე ლაურენტისი გაცილებით მდიდარი კლუბის დაჟინებას, რამდენიმე კვირაში გამოჩნდება.