საფრანგეთის ტოპ 14-ში და ზოგადად ევროპასა თუ დანარჩენ სარაგბო მსოფლიოში ერთადერთი მატჩიღა დარჩა გასამართი.

ინგლისის ჩემპიონატი რამდენიმე კვირის წინ „ნორთჰემპტონის“ გამარჯვებით დასრულდა, შაბათს დილით ახალზელანდიურმა „ბლუზმა“ თანამემაულე „ქრუზეიდერსის“ მრავალწლიანი ჰეგემონია დაამხო და ფინალში კიდევ ერთ ზელანდიურ ფრენჩაიზის – „ჩიფსის“ 41:10 განადგურებით სუპერ რაგბის წყნარი ოკეანის დანაყოფის ჩემპიონი გახდა.

შაბათსვე ჩემპიონის ვინაობა გაირკვა იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიპშიც (ყოფილ კელტთა ლიგაში). იქ მოულოდნელმა ფინალისტებმა ნამდვილი თრილერი გაითამაშეს. ევროპის მიღმა, სამხრეთ აფრიკაში ისტორიაში პირველად გამართულ ინალში შოტლანდიურმა „გლაზგო უორიორზმა“ 21:16 მოუგო პრეტორიულ „ბულზს“. ეს იყო ამ შოტლანდიური ფრენჩაიზის ისტორიაში მეორე ჩემპიონობა.

მომავალ პარასკევს კი, მარსელის „ველოდრომზე“ უკვე ფრანგული ისტორია დაიწერება. ქვეყნის 22-გზის ჩემპიონი „ტულუზი“ ჯერაც უტიტულო „ბორდოსთან“ სტატუსის შენარჩუნებას ეცდება. უნდა ითქვას, რომ დღევანდელი „ბორდო-ბელიე“ ორი ბორდოული კლუბის შერწყმით 2006 წელს შეიქმნა, თორემ მის ერთ-ერთ წინამორბედს საფრანგეთის ჩემპიონობა ორჯერ მოუპოვებია.

გასულ პარასკევს „ტულუზმა“ ნახევარფინალში „ლა როშელს“ 39:23 კი სძლია, მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა და მხოლოდ მაშინ გაილაღა, როცა სტუმრებს ორივე სასტარტო ბურჯი წითელი ბარათით გაუძევეს. სამწუხაროდ, სანდრო ქუნთელია ტრავმირებულია და ოკეანისპირელები ბოლო ხანებში მის გარეშე ასპარეზობდნენ.

სამაგიეროდ, შაბათს, პარიზში კი ერთბაშად სამმა ჩვენებურმა ითამაშა. მასპინძელი „სტად ფრანსეს“ სასტარტო შემადგენლობაში ახალგაზრდა სერგო აბრამიშვილი იყო, რომელმაც მე-7 წუთზე მცირე დაზიანება მიიღო და 5 წუთი იმკურნალა, თუმცა დაბრუნდა და 49-ე წუთამდე ღირსეულადადაც ითამაშა. მე-60 წუთზე პარიზელთა შორის უფრო გამოცდილი გიორგი მელიქიძე გამოჩნდა, ხოლო როცა სერგო გადიოდა, იმ მომენტში ბორდოელთა მარქაფიდან თამაშში ვეტერანი ლექსო ყაულაშვილი ჩაერთო. მატჩი უაღრესად დაძაბული გამოვიდა და ბოლო წუთზე მასპინძელთა მიერ დადებულ ლელოს ზუსტი გარდასახვაც რომ მოჰყოლოდა, დაინიშნებოდა დამატებითი დრო, თუმცა ჟორის სეგონდსმა იმ საღამოს დედაქალაქელთა სამი ლელოდან მხოლოდ ერთი გარდასახა და მისმა გუნდმა 20:22 წააგო.

ამრიგად, 28 ივნისს ფინალში ერთი ქართველი ითამაშებს, თუ ჯაზე იქნა – ხსენებული თამაშის ბოლო წუთზე ყაულაშვილმა მოედანი დაზიანების გამო დატოვა. იმედია, ტრავმა უმნიშვნელო იქნება.