საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებთან ფრედ 1:1 ითამაშა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

მატჩის წინ ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე გაკვრით აღნიშნა, რომ შემადგენლობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს. ფრანგმა სპეციალისტმა ერთი ცვლილება მართლაც განახორციელა და თან ძალიან მოულოდნელი – სანიოლმა სასტარტოს მიღმა გიორგი ჩაკვეტაძე დატოვა, მის ნაცვლად კი შემადგენლობაში ადგილი ზურიკო დავითაშვილს ანდო.

გიორგი ჯიქიას ფოტო, ჰამბურგიდან

ჩეხებმა აქტიურად და აგრესიულად დაიწყეს, მათი ყველა სტანდარტული, ჯარიმა, კუთხური, აუტი, საქართველოს ნაკრების კართან ხიფათის მომტანი იყო და პირველ ათ წუთში სამი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ საქართველოს ნაკრების კარში გიორგი მამარდაშვილი იდგა, რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და „ჯვაროსნებმა“ დიდი ანგარიშით რომ არ წააგეს პირადად მისი დამსახურებაა.

გიორგის ამ მატჩში 11 „სეივი“ ჰქონდა და სრულიად დამსახურებულად გადაეცა მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული ჯილდო.

ფოტო: uefa.com

ჩეხების მიერ საწყის წუთებში მოპოვებული უპირატესობის შემდეგ ტაიმის მიწურულს ქართველებმა თამაში ოდნავ გამოასწორეს, პირველი ნახევრის ბოლო წუთზე კი შესანიშნავი საჩუქარიც მიიღეს – ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩეხების მცველმა საჯარიმოში ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ უნაკლოდ შეასრულა და საქართველომ ტაიმი მოიგი.

მეორე ტაიმი ჩეხების შეტევებით დაიწყო, საქართველო კი კონტრშეტევებზე ცდილობდა სხვაობის გაზრდას, მაგრამ გოლი ჩვენს კარში გავიდა – კუთხურის გათამაშების შემდეგ პატრიკ შიკმა მარტივ სიტუაციაში აღადგინა წონასწორობა.

მატჩს ბოლო წუთზე საბა ლობჟანიძეს შეეძლო ისტორიული გოლი გაეტანა და საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოეტანა – ქართველებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, გიორგი ჩაკვეტაძის პასის შემდეგ ლობჟანიძე, ფაქტობრივად, პირისპირ დარჩა მეკარესთან, მაგრამ არაზუსტად დაარტყა და მატჩიც დასრულდა – 1:1.

საქართველოს ნაკრები მესამე ტურის შეხვედრას 26 ივნისს, გელზენკირხენში, „აუფ შალკეზე“ პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

კობა ინასარიძე, სპეციალურად სარბიელისთვის ჰამბურგიდან