ესპანეთისა და იტალიის ნაკრებთა მატჩის (1:0) შემდგომ პრეს-კონფერენციაზე იტალიელთა თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ ჟურნალისტებთან ილაპარაკა. გთავაზობთ ამონარიდებს პრეს-კონფერენციიდან.
– როგორ აღიქვით მარცხი?
– ჩვენ ძალები ვერ აღვიდგინეთ, დაღლილები ვიყავით და ესპანელეთან მთავარი განსხვავება სწორედ ეს იყო. ფიზიკური მდგომარეობა საბაზისო საკითხია. თუ ჯანზე არ ხარ, მეტოქეს ვერც სისწრაფეში გაუწევ წინააღმდეგობას და ვერც რეაქციებში. მითუმეტეს, როდესაც ასეთი ტექნიკური მონაცემების მეტოქეს ხვდები. ამ დროს აზროვნების სისხარტესაც დაკარგავ. მაგრამ ტექნიკური დონის გარდა დღეს მოწინააღმდეგეს ფეხებიც უფრო დასვენებული ჰქონდა. ლამინ იამალის მსგავს სწრაფ ფეხბურთელთან თამაშს რეაქციასაც სხვა დრო სჭირდება. ამის გამო შეცდომებს უშვებ და მარტივ გადაცემებსაც ვეღარ აკეთებ. ყველაფრის თავი და თავი კი ფიზიკური მდგომარეობაა.
– დაღლილობას რით ახსნით?
– ფეხბურთელებს ძალების აღსადგენად მეტი დრო უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ბიჭები დღენახევარი დავასვენეთ და GPS-სა და სხვა გამოკვლევებზე დაყრდნობით ვნახეთ, რომ სწორად მოვქცეულვართ. სულ გრძელ პასებს ვაკეთებდით, ვფაციფუცობდით როდესაც მეტოქის დაცვის უკან შესვლას ვცდილობდით, დალაგებული ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ და ამის გამო მათ ბურთი წაგვართვეს, ჩვენი მიპრესვა დაიწყეს. მართალია ვცადეთ ბურთი სწორად გვეგორებინა, მაგრამ მარტივ გადაცემებსაც ვერ ვასრულებდით სწორად.
– ამ ესპანეთის ნაირ იტალიაზე ოცნებობთ?
– ყველას უნდა ესპანეთივით ითამაშოს, მათი თამაშის მანერა გადაიღოს. უკვე რა ხანია ეს გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს. მეც ყველას მინდა დავუმტკიცო, რომ ერთი და იმავე იარაღით თამაში მნიშვნელოვანია. სხვანაირი სტილის ფეხბურთის სწავლება ძნელია, არ შემიძლია. ამისათვის მე არ გამოვდგები. ჩვენ უნდა ვცადოთ ვითამაშოთ ისე, როგორ თურქეთთან ამხანაგურ შეხვედრაში და ალბანეთთან, მაგრამ ამისათვის ფეხები უნდა გქონდეს დასვენებული. დანარჩენი ყვეალფერი მეორადია.
– სტატისტიკურად თამაში დასრულდა 0:1. ემოციური შედეგიც ასეთი იყო?
– მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა. აქ ერთით მეტ და ნაკლებ გოლს მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი დონის შეხვედრის კარგად ჩასატარებლად ჩვენ სწორი სათამაშო სიტუაციები ვერ შევქმენით.
– ზოგიერთმა ფეხბურთელმა ხომ არ გაგაწბილათ?
– როდესაც რამდენიმე ფეხბბურთელი სათანადოდ ვერ თამაშობს, ეს მეტოქეს უწყობს ხელს, რადგან ის სივრცეებს პოულობს და იყვენებს, მაგრამ დღეს მთელი ჩვენი გუნდი ჩავარდა. დიახ, რამდენიმე ფეხბურთელი მართლა თავის დონეზე დაბლა იდგა, მაგრამ მაინც მთელი გუნდი არ ვარგოდა. ხუთი დასვენებული კაცი რომ გვყოლოდა, იქნებ უკეთაც გვეთამაშა.