ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი ჯერაც გაურკვეველია. „კორიერე დელო სპორტის” ახალი ინფორმაციით „პარი სენ ჟერმენი” ქართველის შეძენაზე ხელის აღებას არ აპირებს და ფეხბურთელს შესანიშნავ პირობებს სთავაზობს: 4-5 წლიან კონტრაქტს, წელიწადში 11 მილიონი ევროს ტოლი ხელფასით. ეს შეთავაზება მოთამაშისთვის მომხიბვლელია, მაგრამ იმისათვის, რომ გარემარბი პარიზში გადაბარგდეს, საჭიროა ის „ნაპოლიმ” გაყიდოს. ამ მხრივ კი პრობლემებია — „აძურის” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა პსჟ-ს შეთავაზებაზე, რომელიც 110 მილიონ ევროს უდრიდა, ყურიც არ შეიბერტყა.
„კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ნეაპოლელთა სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელს შესაძლოა ევროპის ჩემპიონატის დღეებშიც შეხვდეს. საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანია „პარტენოპეელთა” ახალი მწვრთნელისთვის ანტონიო კონტესთვის, რომელმაც მალე ახალი გუნდის შენება უნდა დაიწყოს. როგორც რომაული გაზეთი წერს, კვარაცხელიას მხარე კლუბს 6-7 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს სთხოვს, კლუბი კი ბონუსებიანად 4-5 მილიონის გადახდაზეა თანახმა. ლაპარაკია ოსიმენის მსგავს გამოსასყიდ თანხაზეც.