2024 წლის 18 ივნისი ქართული ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერება – საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა, რომელზე დასწრების პატივი ამ სტრიქონების ავტორსაც მერგო, რაშიც თავისი წვლილი საქართველოს სპორტის სამინისტროსაც მიუძღვის.
მართალია „ჯვაროსნები“ თუექეთთან 1:3 დამარცხდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და ცოტა მეტად რომ გამართლებოდა, ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში მინიმუმ ქულას მოიპოვებდა.
ანგარიში თურქებმა 25-ე წუთზე გახსნეს, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა შვიდ წუთში მოახერხა გათანაბრება – ჩვენს გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის, გიორგი ქოჩორაშვილის დაწყებული კომბინაცია გიორგი მიქაუტაძემ უნაკლო დარტყმით დააგვირგვინა და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩაეწერა როგორც ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლის გამტანი.
თურქები 65-ე წუთზე არდა გიულერმა დააწინაურა. ამის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ერთ ეპიზოდში ქოჩორაშვილის დარტყმული ხარიხას მოხვდა, ერთხელაც თურქები ჯერ ძელმა მერე კი მცველებმა გადაარჩინეს.
არბიტრის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე აქთიურქოღლუმ ისარგებლა მომენტით, როდესაც ჩენი მეკარე გიორგი მამარდაშვილი შეტევაში იყო ჩართული და მესამე გოლიც გაიტანა.
მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეხვედრა შეაფასა:
„შეუძლებელია, წაგებით კმაყოფილი ვიყო, მაგრამ ჩვენ დღეს არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით, ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ და ჩემი გუნდით და ნაჩვენები თამაშით ვამაყობ.
ევროპის ჩემპიონატზე თამაში დიდი გამოცდილებაა და განვითარებაში ეს მატჩები აუცილებლად დაგვეხმარება.
ჯგუფიდან გასვლაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მთავარია, კარგი მატჩები ჩავატაროთ. დარწმუნებული ვარ, შაბათს ჩეხეთთანაც ასეთსავე ფეხბურთს ვაჩვენებთ. რაც შეეხება მიქაუტაძეს, მან ისტორიული გოლი გაიტანა და მისი წარმატება მიხარია.
მოსაგებად, ალბათმ, მაინც გამოცდილება დაგვაკლდა. მჯერა, რომ საქართველო მსგავს შეხვედრას მომავალში აღარ წააგებს, ეს მარცხი გამოცდილებისთვის უნდა გამოვიყენოთ.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრების წნააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი ჰამბირგში 17:00 საათზე დაიწყება.
კობა ინასარიძე, დორტმუნდიდან
თურქეთი 3:1 საქართველო
18 ივნისი. დორტმუნდი. “BVB არენა”. 59 127 მაყურებელი
1:0 მიულდური (25), 1:1 მიქაუტაძე (32. ქოჩორაშვილის პასით), 2:1 გიულერი (65. აიჰანის პასით), 3:1 აქთიურქოღლუ (90+7)
თურქეთი: გიუნოქი, მიულდური (85. ჩელიკი), აქაიდინი, ბარდაქჩი, ქადიოღლუ, აიჰანი (79. დემირალი-6.6), ჩალჰანოღლუ (90+1. იოზჯანი), გიულერი (79. იაზიჩი), ქოქჩუ, ილდიზი (85. აქთიურქოღლუ), ილმაზი.
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია (85. ზივზივაძე), დვალი, წიტაიშვილი (74. ლოჩოშვილი), ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (89. ალთუნაშვილი), ჩაკვეტაძე (74. დავითაშვილი), კვარაცხელია, მიქაუტაძე-7.4.
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
გაფრთხილება: ბარდაქჩი (35), კვირკველია (56), ჩალჰანოღლუ (89)
არბიტრი: ფ. ტელიო (არგენტინა)