გორის „დილას“ პრესსამსახურმა მოულოდნელი ამბავი გაავრცელა – გუნდის პორტუგალიელმა მწვრთნელმა, რუი მოტამ თანამდებობა დატოვა და შუა სეზონში ეროვნული ლიგის ლიდერი გუნდი მწვრთნელის გარეშე დატოვა – მოტამ კონტრაქტით გათვალისწინებული პუნქტი გამოიყენა, რომლის მიხედვითაც ხელსაყრელი შეთავაზების შემთხვევაში, მას გორის „დილა“ არ დააბრკოლებდა.
ხელსაყრელი წინადადება კი პორტუგალიელმა სპეციალისტმა სომხეთიდან მიიღო და იქაურ საფეხბურთო კლუბ „ნოას“ ჩაუდგა სათავეში – მოტას დანიშვნის შესახებ სომხურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება უკვე გაავრცელა.
„დილას“ კი ისღა დარჩენია, რომ ახალი მწვრთნელი ეძებოს, როგორც კლუბის ხელმძღვანელობა აცხადებს, რამდენიმე კანდიდატთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, უფრო კონკრეტულად კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.